ჭიდაობა

10:38 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს ქართული რვეულები

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ევროპის პირველი თამაშებისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებებზე გადავიდნენ. თავისუფალი სტილის მიმდევრები ბორჯომში ვარჯიშობენ. ნაკრების თავკაცმა რევაზ მინდორაშვილმა შეკრებაზე ტრადიციულად, გაფართოებული შემადგენლობა იახლა. ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ბეგი დარჩიამ კი ასევე გაფართოებული შემადგენლობით გუნდი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე შეკრიბა.

ბაქოში გასამართ ევროპულ თამაშებზე დასაყენებელი განაცხადები უკვე ორივე სპეციალისტმა ოფიციალურად შეავსო და მოლოდინისამებრ, მინდორაშვილმაც და დარჩიამაც ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონებით დააკომპლექტეს. ორივემ თითო ცვლილება განახორციელა.

მინდორაშვილმა გამონაკლისი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუშვა. თუმცა ეს წინასწარვე ცნობილი იყო. უმსუბუქეს წონაში აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გავა, რომელიც მწვრთნელებმა საქართველოს პირველობაზე ზედმეტი წონის კლებას შეგნებულად აარიდეს და ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 61 კილოგრამში აჭიდავეს.

ხინჩეგაშვილი შიდა კონკურენციის ფინალში ბექა ლომთაძესთან დამარცხდა და სწორედ ლომთაძეს ერგო ბაქოს საგზური, ისევე, როგორც დარჩენილი წონების ჩემპიონებს.

მინდორაშვილის მსგავსად, დარჩიამაც პირდაპირ გამოაცხადა საქართველოს პირველობის დასრულების შემდეგ, რომ ევროპის თამაშების შემადგენლობის დასახელებისას უპირატესობას ქვეყნის ჩემპიონებს მიანიჭებდა. ასეც მოიქცა, ოღონდ ერთი იძულებითი ცვლილება დასჭირდა. 59 კილოგრამში შიდა კონკურენციის ლიდერი გოდერძი დავითაძე ტრავმის გამო გიზო მელაძით ჩაანაცვლა.

ევროთამაშებზე მოჭიდავეებს სულ 6 დღე დაეთმობათ. 13-14 ივნისს მედლებს ბერძენ-რომაელები გაითამაშებენ. პირველ დღეს 59, 71, 80 და 98 კილოგრამებში, ხოლო მეორე დღეს - 66, 75, 85 და 130 კილოგრამებში. შემდგომი ორი დღე ქალების იქნება. ბოლოს კი ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ. 17 ივნისს 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო 18-ში – 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში.

საქართველოს ნაკრები

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 – გიზო მელაძე

66 კგ - საჩინო დავითაია

71 კგ - მინდია წულუკიძე

75 კგ - ზურაბ დათუნაშვილი

80 კგ - ლაშა გობაძე

85 კგ - მათე სოფაძე

98 კგ - მიხეილ ქაჯაია

130 კგ - იაკობ ქაჯაია

მთავარი მწვრთნელი - ბეგი დარჩია

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ - ალექსანდრე კენჭაძე

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ - სანდრო ამინაშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილმა

მთავარი მწვრთნელი - რევაზ მინდორაშვილი

0.124041