ჩოგბურთი

19:44 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია (+VIDEO)

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ქალთა შორის სერენა უილიამსი გახდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი ლუსი შაფარჟოვა 6:3, 6:7, 6:2 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მე-20 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. სერენამ საფრანგეთის პრესტიჟული ტურნირი მესამედ მოიგო. უილიამსმა ამ გამარჯვებით 1 800 000 ევრო გამოიმუშავა, ჩეხმა – 900 000 ევრო.

ჩეხმა ჩოგბურთელმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა და უილიამს უმცროსს ტოლი არ დაუდო. პირველ სეტში საფაროვამ ვერაფერი მოიმოქმედა და უშანსოდ დამარცხდა. მეორეში კი ამერიკელმა და ჩეხმა სამ-სამი ბრეიკი განახორციელეს, ტაიბრეიკში კი ლუსიმ იმარჯვა. გადამწყვეტ სეტში სერენამ ლიდერობა დაამტკიცა.

მთელი მატჩის განმავლობაში სერენამ 11 ეისი მოაწოდა, ხოლო შაფარჟოვამ – 2. სამაგიეროდ ორმაგი შეცდომა ჩეხმა ერთი დაუშვა, ხოლო ამერიკელმა – 9.

სერენას 9 დღე დააკლდა, დიდი სლემის ტურნირის მომგებთა შორის ყველაზე ხანდასმული რომ ყოფილიყო. მარტინა ნავრატილოვამ 1990 წელს უიმბლდონი 33 წლის და 263 დღის ასაკში მოიგო, უილიამსი კი დღეს 33 წლის და 254 დღის გახლდათ. ამერიკელმა ამ მხრივ თავისი შედეგი უკვე გააუმჯობესა, როდესაც ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 33 წლის და 127 დღის ასაკში მოიგო.

უილიამსი-უმცროსი 2003 წლის შემდეგ გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც სამი დიდი სლემის ტურნირი ზედიზედ მოიგო. სერენამ გასულ წელს ამერიკის ღია პირველობაზე იმარჯვა, ხოლო 2015 წელს ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობაზე. 2001 წლის შემდეგ კი ამერიკელი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ავსტრალიის და საფრანგეთის დიდი სლემის ტურნირების მოგებით დუბლი შეასრულა.

შაფარჟოვა პირველად გახლდათ დიდი სლემის ფინალში. ამავდროულად, სერენამ კარიერაში მარცხენა ხელით მოთამაშე ჩოგბურთელებს 62-ჯერ მოუგო, ხოლო საპირისპიროდ 10 შეხვედრა დათმო. დიდი სლემის ტურნირებზე ცაცია მოთამაშეთაგან სერენა მხოლოდ ეკატერინა მაკაროვამ 2012 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრებში სერენა 9:0 დაწინაურდა. შაფარჟოვამ მსოფლიოს მეორე ჩოგანი კარიერაში 3-ჯერ დაამარცხა, ხოლო პირველ ნომერთან ახლა უკვე მეექვსე მარცხი განიცადა. 4 მათგანი ჩეხს სერენასთან დაუგროვდა, ორიც კი დინარა საფინასთან და დანიელ ვოზნიაცკისთან.

მიუხედავად მარცხისა, შაფარჟოვა კარიერის განმავლობაში განახლებულ ქალთა რეიტინგში თავის საუკეთესო შედეგს მე-11 ადგილს გააუმჯობესებს და მე-7 ადგილს დაიკავებს. წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის კი ამ ეტაპზე მე-14 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს. სერენა ისედაც პირველ ადგილზე იმყოფება, სამაგიეროდ, ამ ეტაპისთვის წლის შემაჯამებელ ტურნირისთვის მეორე ადგილოსანთან 4 421-ქულიანი სხვაობა ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.196721
სარეკლამო ადგილი - 99
X x X