კალათბურთი

21:49 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიას “დიდი ბიჭები” უბრუნდებიან
ქართველთა ერთ-ერთი მეტოქე ევრობასკეტისთვის საუკეთესო შემადგენლობას აგროვებს

ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტოონ ვან ჰელფტერენმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის წინასწარი 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. “ნარინჯისფრებმა” ევრობასკეტზე 1989 წლის შემდეგ პირველ გააღწიეს და C ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეები იქნებიან, ამდენად, ჩვენთვის, მათი ამბები განსაკუთრებით საინტერესოა.

ჰოლანდიელთა ბანაკში მთავარი სიახლე “მაღლების” – ჰენკ ნორელის და რობინ სმეულდერსის დაბრუნებაა. საინტერესოა, რომ ვან ჰელფტერენის შეგირდებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ლიდერების გარეშე გაიარეს (ერთ-ერთი, ვინც ჯგუფში ჩატოვეს, საკმაოდ ძლიერი მონტენეგრო იყო), რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო.

ნორელმა (სიმაღლე 2.14 მ.) ნაკრების მაისური ბოლოს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოირგო, შემდეგ კი მუდმივად ტრავმები აწუხებდა და ისე გამოვიდა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, პირველი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა (2013 წელს ის გიორგი შერმადინის შემცვლელი იყო).

ესპანური “სარაგოსას” 27 წლის ცენტრის საშუალო მონაგარი 7.4 ქულა და 4.8 მოხსნა იყო, მთავარი კი ის გახლდათ, რომ ჰენკი მუხლის ტკივილს აღარ შეუწუხებია. ნორელი ევროპაში ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელი კალათბურთელია და უდავოა, მისი შემატებით, “ნარინჯისფრები” სხვა სტატუსს შეიძენენ.

რაც შეეხება სმეულდერსს, მას 2010 წლიდან ნაკრების არცერთი საკვალიფიკაციო კამპანია არ გამოუტოვებია, თუმცა, გასულ ზაფხულს იძულებითი უქმობა მოუხდა. 2.09 მეტრი სიმაღლის ფორვარდ-ცენტრი, რომელსაც ივნისში 28 წელი უსრულდება, გერმანული “ოლდენბურგის” წევრი გახლავთ და ბუნდესლიგაში მისი საშუალო მონაგარი 4.8 ქულა და 3.4 მოხსნა იყო. პლეი-ოფის პირველ რაუნდში ოლდენბურგელები ბერლინის “ალბასთან” დამარცხდნენ.

თუკი ნორელი და სმეულდერსი ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრები არიან, ნაკრებში ახალი სახეა კიდევ ერთი “დიდი ბიჭი” ნიკოლას დე იონგი. ამ უკანასკნელს მთელი კარიერა დედის სამშობლოდ საფრანგეთში აქვს გატარებული და ჰოლანდიის არცერთ ასაკობრივ ნაკრებშიც კი არ უთამაშია. 26 წლის ცენტრი გასული სეზონის წინ “შოლეს” რიგებში ჩაირიცხა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 19 წუთში 8.6 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა.

ჰოლანდიელთა წინასწარ განაცხადში კიდევ ერთი ახალწვეული ჩარლონ კლოოფია. განსხვავება ისაა, რომ 25 წლის მცველი 2009 და 2010 წლების 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში “ნარინჯისფერთა” შესაბამის ნაკრებს ეხმარებოდა. კლოოფმა სეზონი თურქეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ “ისთანბულში” გაატარა და 34 მატჩში საკმაოდ მსუყე საშუალო მონაგარი ჰქონდა – 18.9 ქულა და 2.9 პასი.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ყურადღებას იქცევს, იანიკ ფრანკეა. 19 წლის უკანახაზელი განაცხადში ყველაზე ახალგაზრდაა და ჰოლანდიელი ქომაგებიც მისგან ბევრს ელიან. “როტერდამის” მცველი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჰოლანდიის 16-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა და საშუალოდ 13.8 ქულას და 4,0 მოხსნას აგროვებდა. მაშინ მან ქართველ თანატოლებთან მოგებულ მატჩშიც იასპარეზა.

გასულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნათამაშებთაგან ნაკრებში კვლავაც არიან გუნდის უპირველესი მექულე როელანდ შაფტენაარი (11.3 ქულა) და ვეტერანები – არვინ სლაგტერი და უორსი დე იონგი. სამაგიეროდ, ამჯერად ნაკრებში აღარ უხმეს მოხსნებში საუკეთესო შედეგის მქონე ნიკ ოუდენდაგს (8.3 მოხსნა) და ჯოშუა დუინკერს.

ჰოლანდიელთა ნაკრების 14-კაციანი შემადგენლობა სრულად ასე გამოიყურება: კეეს აკერბოომი (“დენ ბოში”), შონ კანინგემი (“გრონინგენი”), იანიკ ფრანკე (“როტერდამი”), ნიკოლას დე იონგი (“შოლე”, საფრანგეთი), უორსი დე იონგი (“ლეიდენი”), მოჰამედ ხერაზი (“ლეიდენი”), ჩარლონ კლოოფი (“ისთანბული”, თურქეთი), ტომას კოენისი (“გრონინგენი”), ჰენკ ნორელი (“სარაგოსა”, ესპანეთი), რალფ დე პაგტერი (“დენ ბოში”), როელანდ შაფტენაარი (“რეტიმნო”, საბერძნეთი), არვინ სლაგტერი (“დენ ბოში”), რობინ სმეულდერსი (“ოლდენბურგი”, გერმანია), ლეონ უილიამსი (“ზვოლე”).

საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრების ევრობასკეტ-2015-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, ჰოლანდიაში კალათბურთისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო გიგანტმა KPN-მა თავის ფრთებქვეშ წყალბურთის ნაკრების გარდა, სწორედ კალათბურთელები შეიფარა და ეროვნული გუნდი 200 ათასი ევროთი დააფინანსა.

დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჰოლანდიელთა ევრობასკეტისთვის მზადების ციკლიც განსხვავებული იქნება. ნაკრები 4 ივლისს ვოუდრიჩემში შეიკრიბება და პირველ ეტაპზე სტრიტბოლში მასტერ-კლასს და ბავშვებისთვის მინი-კემპებს ჩაატარებს. პირველი მოსამზადებელი თამაში 12 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი: როტერდამში, ილინოისის უნივერსიტეტთან.

“ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ გავაღწიეთ და გასაკვირი არაა, რომ ხალხში განსაკუთრებული ენთუზიაზმია. სპონსორებიც გაცილებით აქტიურობენ. ნათელია, რომ გაზრდილი დაფინანსების პირობებში მეტის მიღწევა შეიძლება”, - სიხარულით აღნიშნა ტოონ ვან ჰელფტერენმა.

ჰოლანდიის კალათბურთის ფედერაციაში ფულის ჩადებამ იმის საშუალებაც გააჩინა, რომ “ნარინჯისფრებმა” მოსამზადებელ ციკლში ტურნირს შინაურ კედლებშიც უმასპინძლონ. 14-16 აგვისტოს მინი-შეჯიბრს ლეიდენი მიიღებს, ჰოლანდიელთა მეტოქეები კი დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია იქნებიან.

“გასულ წლებში საკონტროლო მატჩებს მუდმივად სტუმრად ვატარებდით, რადგანაც ეს უფრო იაფი ჯდებოდა. ჩვენი ხარჯების უმეტესობას მასპინძელი ქვეყნები ფარავდნენ. მეტსაც გეტყვით, დაბალი ბიუჯეტის პირობებში აეროპორტში ბიჭები საჭმელ-სასმელს თავისი სახსრებით ყიდულობდნენ, ახლა კი, ყველაფერი მოწესრიგებულად იქნება. მოსამზადებელ ციკლში ჩვენი ქომაგების წინაშე თამაში დიდ სტიმულს მოგვცემს”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ზე C ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდება, ჰოლანდიას კი საქართველოს გარდა, ჭიდილი მასპინძლებთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან და მაკედონიასთან მოუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, “ნარინჯისფერთა” თავკაცის კომენტარი ამგვარია:

“ნამდვილად ვერ შეგპირდებით, რომ დიდი შედეგების მოლოდინში ვართ. ის ფაქტიც კი, რომ გასულ ზაფხულს საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიეთ, უკვე გმირობა იყო. თანაც მაშინ ფინანსურად გვიჭირდა და ამის გამო, სანაკრებო შეკრებებზე სიარული დიდად სახალისო არ იყო. ახლა, სიტუაცია შეიცვალა. არცერთ კალათბურთელს, რომელსაც ეროვნულ გუნდში თამაში შევთავაზეთ, უარი არ უთქვამს. როგორც სჩანს, შესარჩევ ციკლში წარმატებამ თვალი ბევრს აუხილა”.

0.181462