ფეხბურთი

18:38 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლელომ” საფეხბურთო სეზონის ლაურეატები დააჯილდოვა

სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014-2015 წლის სეზონი შეაჯამა და მისი ვერსიით საუკეთესოები დააჯილდოვა.

ღონისძიება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი “ლელოსთან” ერთად ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” იყო, კაფე “ბიბლუსში” ჩატარდა და მას ჯამლეთ ხუხაშვილი გაუძღვა.

“ლელოს” ვერსიით გასული სეზონის ლაურეატების სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი (“დილა”, გორი)

საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

საუკეთესო მეკარე: მიხეილ ალავიძე (“დინამო”, ბათუმი)

საუკეთესო მცველი: ლაშა თოთაძე (“დინამო”, თბილისი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (“დილა”)

საუკეთესო თავდამსხმელი: ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი პაპუნაშვილი (“დინამო”, თბილისი)

საუკეთესო დებიუტანტი: გიორგი ჩელებაძე (“შუქურა”, ქობულეთი)

სეზონის აღმოჩენა: გუგა ფალავანდიშვილი (“დილა”)

საუკეთესო ლეგიონერი: ლუის ალბერტო (პორტუგალია, “სიონი”, ბოლნისი)

სეზონის საფეხბურთო დინასტია: კახა და ნიკა კაჭარავები (“ცხინვალი”)

სეზონის დაბრუნება: შოთა ჭეიშვილი (ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი) და ალექსანდრე იაშვილი (“სამტრედია”)

ლაურეატები სამახსოვრო თასებით ვეტერანმა ფეხბურთელებმა რეზო ჩელებაძემ, გელა კეტაშვილმა, თენგიზ სულაქველიძემ, “ლელოს” მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, ჟურნალისტებმა მიხეილ აბაიშვილმა, გია ტუხაშვილმა და გიგა გვენცაძემ დააჯილდოვეს.

კუთვნილი პრიზები ვერ მიიღეს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა თოთაძემ, ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა პაპუნაშვილმა და ნიკა კაჭარავამ. ლუის ალბერტოს მაგივრად ჯილდო “სიონის” გენერალურ დირექტორს და ფაქტობრივ მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს გადაეცა. ღონისძიებას გარკვეულ მიზეზთა გამო არც ჭეიშვილი დასწრებია.

თეგებილელო
0.420178