ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსის" გუშინდელ ვარჯიშზე დაშავებული ჯორჯო კიელინის თამაში გამოირიცხა. 30 წლის მცველს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ცხადყო, რომ იტალიის ნაკრების მოთამაშე დარჩენილ ორ დღეში ვერ გამოჯანმრთელდება.
"ვინოვოზე ბოლო სამუშაო დღე ბერლინში გამგზავრებამდე. "იუვენტუსი" აგრძელებს მომზადებას ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის და დილით გუნდმა ტაქტიკურად ივარჯიშა, ჯორჯო კიელინის გამოკლებით, რომელიც დაშავდა. მას გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შემდგომაც დადგინდა, რომ იგი ფინალში თამაშს ვერ მოახერხებს", - წერს ტურინული გრანდის ვებგვერდი.
კიელინიმ ტრავმა მარცხენა ფეხზე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო. იტალიური მედიის ინფორმაციით, მას დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ანჯელო ოგბონა ჩაანაცვლებს.
"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.