ფეხბურთი

13:13 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" არჩევანი მიხაილოვიჩია

იტალიურ "მილანს" ხვალიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება სერბი სინიშა მიხაილოვიჩის სახით. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" წერს. ამავე გამოცემის ცნობით, მიხაილოვიჩი "როსონერის" წარმომადგენელებს სილვიო ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის უკვე შეხვდა და მათთან ერთად ივახშმა კიდეც. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

იტალიელი ჟურნალისტების თქმით, მიხაილოვიჩს უახლოეს დღეებში "მილანელოზე" ოფიციალურად წარადგენენ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გუნდს ფილიპო ინძაგი დატოვებს.

სინიშა მიხაილოვიჩი გასულ სეზონში გენუის "სამპდორიას" თავკაცობდა, რომელიც იტალიის სერია A-ში მე-7 ადგილზე გაიყვანა. მან "სამპა" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მიხაილოვიჩი 2009-2010 წლების სეზონში, როდესაც სიცილიის "კატანიას" ედგა სათავეში, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მილანს" არასდროს გაწვრთნიდა, ვინაიდან იგი "ინტერის" გულშემატკივრებს და ზოგადად, “ნერაძურის” პატივს სცემდა.

0.123753