ფეხბურთი

22:14 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის დომინირება და პირველი ადგილი

თბილისში 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფური ტურნირი დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ესპანეთის გუნდმა მოიპოვა.

მესამე ტურში პირველი ადგილოსნის ვინაობა ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირებისას გაირკვა.

ესპანელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს მოედნის გაკონტროლება, მათ მხარეს იყო ბურთის ფლობის უპირატესობა, რაც შედეგშიც აისახა.

საწყის წუთებში პორტუგალიელი ფეხბურთელები ცდილობდნენ მწვავე შეტევების განვითარებას, თუმცა ესპანელები უფრო ეფექტურად მოქმედებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მაიორალი, ასენსო, სებალიოსი და პედრაზა, თუმცა პირველი გოლი მარცხენა მცველმა კარისოლმა გაიტანა. პორტუგალიელი მცველები კარისოლის შეტევაზე გადმოსვლას არ ელოდნენ, თუმცა მან გვერდი აუარა რამდენიმე პორტუგალიელს და მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა. ჟოელ პერეირას ნახტომი უშედეგო გამოდგა.

პირველი გოლის შემდეგ ესპანელთა დომინირება გამოიკვეთა, რასაც 6 წუთში მაიორალის გოლი მოჰყვა. ბორხა მაიორალი მადრიდის “რეალის” ასაკობრივი გუნდის წევრია. მან გასულ სეზონში “რეალის” ჟუვენალ ა-ს შემადგენლობაში 38 მატჩი გამართა და 35 გოლი გაიტანა, რაც შთამბეჭდავი შედეგია.

პორტუგალიელები გააზრებულ შეტევებს ვერ ახორციელებდნენ, ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას, თუმცა იქ მალევე კარგავდნენ ბურთს. მიუხედავად ამისა აშკარა იყო მათი საკმაოდ კარგი ფიზიკური მომზადება, თუმცა ესპანელები ორგანიზებულობისა და ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზარისით ჯობნიდნენ მეტოქეს.

მეორე ტაიმი შეიძლება ითქვას სრული ფორმალობა გამოვიდა. ბურთი ძირითადად ესპანელთა მხარეს იყო, თუმცა ზოგჯერ პორტუგალიელები გააქტიურდებოდნენ, რაც ძირითადად მეტოქის კარისკენ დარტყმით სრულდებოდა.

50-ე წუთზე “რეალის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა. მარკო ასენსომ 3:0 გახადა ანგარიში და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი.

მესამე გოლის შემდეგ ესპანელთა დომინირება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, თუმცა მატჩის ბოლო ნახევარ საათში ოდნავ მოდუნდნენ კიდეც, რასაც პორტუგალიელთა რამდენიმე მწვავე შეტევა მოჰყვა.

ცვლილებაზე გამოსული პორტუგალიელი რენატო სანჩესი ცდილობდა მეტოქის მცველების შეწუხებას. ლისაბონის “ბენფიკას” სარეზერვო გუნდის წევრმა კარისკენაც დაარტყა, მაგრამ ანგარიშის შემცირება ვერ მოახერხა.

მე-80 წუთზე ალფონსო პედრაზამ მეოთხე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ესპანელებმა მოიპოვეს, პორტუგალია კი მეორე ადგილს დასჯერდა.

პორტუგალია – ესპანეთი 0:4 (0:2)

3 ივნისი, თბილისი, მ.მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი, 100 მაყურებელი

პორტუგალია: ფერეირა, ჟორჟე სილვა, რუბენ დიასი (კაპიტანი), ჟილსონ კოშტა, ფლავიო სილვა (რენატო სანჩესი 46), პედრო როდრიგესი, ალექსანდრე სილვა, ჟოაო ლიმა, გომეში, ჰორტა (მაჩედო 58), ენრიკე

მთავარი მწვრთნელი: ედგარ ბორგესი

ესპანეთი: სივიერა, კარისოლი, მერე, მერინო, სებალიოსი, მაიორალი (ვილალიბრე 61), ასენსო (კონჩა 78), პედრაზა, ერნანდესი (შეიხი 72), ვალეხო (კაპიტანი), სან ემეტერო

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ფა ფუენტე

გოლები: 0:1 კარისოლი (22), 0:2 მაიორალი (28), 0:3 ასენსო (50), 0:4 პედრაზა (80)

გაფრთხილება: ალექსანდრე სილვა (43), ფლავიო სილვა (45+1), გომეში (62), კარისოლი (70), ჟოაო ლიმა (88), ჟილსონ კოშტა (89)

მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

1. ესპანეთი 3 3 0 0 13:1 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 9:7 6
3. საქართველო 3 1 0 2 5:8 3
4. თურქეთი 3 0 0 3 2:13 0
0.139709