ფეხბურთი

17:46 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “შინ დავბრუნდი”

მადრიდის “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის შინ დაბრუნებით კმაყოფილია.

“ემოციური დღეა, რადგან შინ დავბრუნდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წავა, რაც ტიტულების მოგებაში და კარგ თამაშში გამოიხატება. მინდა კლუბს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადავუხადო.” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

ახალ მთავარ მწვრთნელზე კომენტარი მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმაც გააკეთა: “გვსურს გაუწყოთ კლუბში იმ ადამიანის მოსვლა, რომელიც ბავშვობიდან ფეხბურთითა და “რეალის” სიყვარულით ცოცხლობს. ის ჩვენ გაგვაძლიერებს.

აქ, “რეალში”, დიდი მოთხოვნები გვაქვს და საკმარისი არასდროს არაფერია. ეს კლუბი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ნებისმიერ გამოწვევას თანხმდება. დღეს ახალი ერა იწყება და ახალი მწვრთნელის მოსვლა გაგვაძლიერებს. ის ამ დღეზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა და ეს მომენტიც დადგა.

რაფა, შენ ჩვენი კლუბის კულტურას იცნობ. შენი სახელი თავდაუზოგავ შრომასთან, მსხვერპლის გაღებასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ხარ და შეგიძლია შენი მეთოდები ჩვენთან გამოიყენო.”

რაფა ბენიტესისთვის “რეალი” უცხო მართლაც არაა. მან ფეხბურთის თამაში სწორედ მადრიდულ კლუბში დაიწყო, მაგრამ მან “სამეფო კლუბის” პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ბენიტესმა სამწვრთნელო კარიერაც “რეალში” დაიწყო. ის, 1993-1995 წლებში, მადრიდელთა მე-2 გუნდს თავკაცობდა. შემდეგ მის კარიერაში იყო “ვალიადოლიდი”, “ოსასუნა”, “ექსტრემადურა”, “ტენერიფე”, “ვალენსია”, “ლივერპული”, “ინტერი”, “ჩელსი”, “ნაპოლი” და კვლავ “რეალის” ჯერი დადგა.

0.112274