ქართველი ძიუდოისტი ონისე ბუღაძე რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართული ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
+100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან მსოფლიოს რეიტინგში მე-10 პოზიციაზე მყოფი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა და მასპინძლებს საშინაო შეჯიბრში ვაჟთა შორის ერთადერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი წაართვა.
მანამდე კი ბუღაძემ სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის პირველ წრეში – მსოფლიოს რეიტინგში მე-15 პოზიციაზე მყოფ ტურნირში მეორე ნომრად განთესილ კიდევ ერთ რუმინელთან ვლად სიმონესკუსთან.
აქამდე ონისე ბუღაძე სერთაშორისო რეიტინგში 138-ე ადგილზე იყო. ამ გამარჯვებით მან საკუთარ რეიტინგს 100 ქულა შემატა.
ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა. საქართველოს ნაკრებს ამ შეჯიბრში წარმომადგენლები მხოლოდ სამ წონაში -66კგ, -100კგ და +100კგ-ში ჰყავდა.