საქართველოსა და პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრებთა მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.
გიორგი დევდარიანის თქმით, იგი მისი გუნდით ამაყობს და, რომ ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებამდე ხელი ამჯერადაც ფიზიკურმა კონდიციებმა შეუშალა.
მისი პორტუგალიელი ვიზავის, ედგარ ბორჟესის განცხადებით კი საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მანვე ბრძანა, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სწორ გზას ადგას და არც დღეს და არც ესპანელებთან მატჩში წაგებას არ იმსახურებდა.
გიორგი დევდარიანი (საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საინტერესო თამაში გამოვიდა. ამაყი ვარ მოედანზე ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით, იმიტომ, რომ პორტუგალია და ესპანეთი მსოფლიო გრანდები არიან. მათ თუ არ ვაჯობეთ, არაფერში ჩამოვრჩენილვართ. სამწუხაროდ, ბოლო 15 წუთში ჩვენს გუნდს დაღლილობა ისევ დაეტყო, რადგან ჩვენი ჩემპიონატის დონე დაბალია. მადლობა ყველას, მათ შორის გულშემატკივარს ვინც დღეს ნაკრების საქომაგოდ მოვიდა.
- 2:1-ზე თითქოს ცუდს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მაინც წავაგეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაღლილობის ბრალია?
- მე ვფიქრობ, რომ სწორედ დაღლილობაა მიზეზი. შეცვლებიც პირველ რიგში იმიტომ გავაკეთე, რომ ბიჭები დაიღალნენ.
დღეს ჩვენ ეროვნულ ნაკრებსაც გავუკეთეთ საქმე, რადგან ეს ბიჭები უპირველესად სწორედ ეროვნულ გუნდს უნდა გამოადგნენ. ამ ასაკში რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მიწოდებაა.
- რას იტყვით ზარანდიას შესახებ?
- ზარანდია პირველ თამაშშიც ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გვაკლდა. თუმცა, როგორც ჩანს ვერ გაიზარდა და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაიზრდება.
ედგარ ბორჟესი (პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რთული თამაში იყო. შვებით ამოვისუნთქე, როცა მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა. ამაყი ვარ, რომ ასეთ გუნდს მოვუგეთ. ჩემმა ნაკრებმა დღეს მაღალ დონეზე ვერ ითამაშა, თქვენმა კი – პირიქით. მე ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, რადგან მას ნამდვილი მებრძოლები ჰყავს და ეს თქვენს მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი. საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე მარტო დღევანდელი თამაშით არ ვსაუბრობ. მე გულისყურით ვუყურე ესპანეთთან თამაშსაც და იქ თქვენი გუნდი 1:4 მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა, ისევე, როგორც დღეს. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად სწორ გზას ადგახართ.