კალათბურთი

20:46 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” სუპერლიგაში დარჩა

როდესაც სუპერლიგის პლეი აუტის შემდეგ გაირკვა ჩვენი საკალათბურთო ჩემპიონატის ელიტურ პირველობაში საასპარეზოდ ერთმანეთს “არენა 76”-“ოლიმპი” და “სოხუმი”-“წყალტუბო” შეხვდებოდნენ, წლეულს სუპერლიგაში მონაწილე გუნდების შანსი უფრო მაღალი იყო, თუმცა როგორც “არენამ” ასევე “წყალტუბომ” მეტად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გულშემატკივრებზე და მხოლოდ მცირედი დაუთმეს “ოლიმპსა” და “სოხუმს”.

ჩვენს საკალათბურთო ჩემპიონატში “ა” ლიგის შექმნა მეტად საჭირო და კარგი მომენტია. ამ ტურნირის ექვსივე მონაწილე პირველი ჯერისთვის ნორმალურ დონეზე ასპარეზობს, თუმცა ამ სიქსტეტში მაინც “წყალტუბო” უნდა გამოვარჩიოთ. იმერელთა გუნდმა როგორც “ა” ლიგის რეგულარული პირველობა, ასევე გადასასვლელი მატჩები საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ჩვენის მხრივ კი “წყალტუბოს” ქომაგებს გვინდა ვუთხრათ, რომ გული არ დასწყდეთ სუპერლიგის საგზურის ვერ მოპოვებით და დარწმუნებული ვართ მომავალ სეზონში წყალტუბოელებს ასეთივე გულმხურვალე ქომაგობა ექნებათ.

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, შეხვედრა თავიდანვე სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდი საწყისი წუთებიდან დაწინაურდა და დროდადრო სოხუმელთა უპირატესობა 11-13 ქულასაც კი აღწევდა. წყალტუბოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველი ასეთი ჩამორჩენის შემდეგ ძალას პოულობდნენ და სხვაობის კვლავ მინიმუმამდე დაყვანას ახერხებდნენ. ასე რომ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა 40 დაძაბული და საინტერესო სათამაშო წუთი იხილა. სოხუმელებმა მეტი გამოცდილების ხარჯზე მატჩის მოგებამდე მიყვანა მოახერხეს - 77:66 და მომავალ სეზონში კვლავ სუპერლიგაში იასპარეზებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში ჩატარებული პირველი გადასასვლელი მატჩი ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 3 ქულის სხვაობით მოიგო.

სოხუმელთაგან ტრადიციულად საუკეთესონი გუნდის ლიდერები პელე პეილეი (21 ქულა, 11 მოხსნა), ირაკლი ჩლაიძე (20 ქულა), გრიგოლ შვანგირაძე (12 ქულა) და გიორგი ჯგერენაია (11 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ. წყალტუბოელთა შორის გუნდის ლეგიონერები ოლეკსანდრ რიხლიუკი (20 ქულა, 8 მოხსნა), სერჰი ალფიოროვი (20 ქულა), აგრეთვე გიორგი კუჭავა (17 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩნენ. ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასპარეზობის ბედი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდა რაც 5-5 პერსონალური ჯარიმის შემდეგ პარკეტი რიხლიუკმა და კუჭავამ დატოვეს.

ერთი სიტყვით, “სოხუმი” კვლავ სუპერლიგაში ითამაშებს (საქართველოს საკალათბურთო უმაღლესი ლიგა ამ გუნდის გარეშე წარმოუდგენელია), ხოლო წყალტუბოელთა სიმპათიური გუნდი მომავალ სეზონში კვლავ შეეცდება უძლიერესთა შორის ასპარეზობის უფლების მოპოვებას. ვუსურვით წარმატება ორივე გუნდს, მით უმეტეს წლევანდელი სეზონის მიხედვით მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

0.255598