ფეხბურთი

20:37 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებთ”

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდმა მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით უკეთესად ჩაატარა და ხაზი გაუსვა, რომ მისი შეგირდები ფიზიკურად მზად სათანადოდ არ არიან.

გიორგი დევდარიანი: “გუნდმა მეორე ტაიმი კარგად ითამაშა. ჩემთვის დამაწყნარებელი ისაა, რომ შეცვლების შემდეგ ნაკრების თამაში ფეხბურთს ჰგავდა. რატომ არ იყო იგივე პირველ ტაიმში? იგივეს ვერ გავაკეთებდი, რადგან ესპანეთთმა მთელი წლის მანძილზე ერთი მატჩი ჩაატარა გერმანიასთან და იმ თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. ამიტომ, გვსურდა მეტოქის დაზვერვით გაგვეგო საქმე ვისთან გვქონდა. პირველმა გოლმა, რომელსაც უიღბლობას მივაწერ, გუნდზე ცუდად იმოქმედა. მეორე ტაიმში გამართული ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ მატჩის ბოლოს კონცენტრაცია არ გვეყო”.

- ფეხბურთელები, რომლებიც მეორე ტაიმში შემოიყვანეთ, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, თავიდანვე გეთამაშებინათ?

-გეგმა გვქონდა, რომელმაც არ გაამართლა. პირველ ტაიმში მეტოქე უნდა შეგვესწავლა და კარი მშრალად შეგვენახა, თან კონტრშეტევები განგვეხორციელებინა. ორი-სამი კონტრშეტევა გავაკეთეთ, მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელების ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ანგარიში ვერ გავხსენით.

-მეორე ტაიმის ბოლოს კონცენტრაციის დაკარგვის მიზეზი რა იყო?

-ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “საბურთალოს”, რომლის 11 აღზრდილი ჩვენ ნაკრებშია. თუმცა, ეს გუნდი პირველ ლიგაში გამოდის, სადაც ფაქტობრივად 3-4 თამაში მოუწია, თორემ დანარჩენს რა ჰქვია, ვერ გეტყვით. თუ ესწრებით პირველი ლიგის თამაშებს, იქაური ტემპითა და გადაადგილებით, თქვენი გინდათ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს მოვუგო? ამის მიუხედავად საყვედური ფეხბურთელების მიმართ არ მეთქმის. ჩვენი გუნდი ფიზიკურად მოიკოჭლებს და ეს შეცდომების ამის ბრალია. როდესაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, შეცდომებიც მაშინ იწყება. საერთოდ, პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ და ბოდიშს ვიხდი ხოლმე, მაგრამ ახლა საბოდიში არაფერი გამიკეთებია. მეორე ტაიმში გუნდმა გადასარევი ფეხბურთი ითამაშა, ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით.

-მომდევნო ორი მატჩისთვის გუნდის განწყობა რამდენად რთული იქნება?

-საერთოდ, ვინც ჩვენი გუნდის თამაშს თვალს ადევნებს, დაინახავდა, რომ პირველი მატჩის წაგების შემდეგ, მომდევნო თამაშებს ვიგებთ. ჭანტურიამ ჩვენთან ერთი დღე ივარჯიშა, მაგრამ “ემპოლის” სარეზერვო გუნდში სასტარტოში თამაშობს და ვენდე. კერძევაძე უმაღლეს ლიგაში “სამტრედიაში” თამაშობს და მასაც ვენდე. თუმცა, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იმის ნდობა მოიპოვეს, რომ მომდევნო მატჩებში სასტარტოში იყვნენ. ჩვენ ფიზიკურად მზად არ ვართ, რომ მომდევნო მატჩი უკეთესად ჩავატაროთ, მაგრამ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი სტადიონზე ტყუილად არ მოვიყვანოთ. მე-2 და მე-2 მატჩს უკეთესად ვატარებდით, როდესაც ექვსკვირიანი მოსამზადებელი ციკლი გავლილი გვქონდა. ვერც პირველი ლიგა და ვერც უმაღლესი ლიგა სადაც ჩვენი ფეხბურთელები გამოდიან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ესპანელთა თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის დღის საუკეთესო ამბავი საქართველოსთან გამარჯვება იყო.

ლუის დე ლა ფუენტე: “ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო ამბავი ჩვენი გუნდის მოგება იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტაიმში საქართველომ გვაჯობა. მეტოქეს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები ჰყავდა. თუმცა, ჩემმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მენეჯერს ვესაუბრე და ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადე”.

-ჯგუფიდან გასვლაში პორტუგალიას რამდენად შეუძლია კონკურენცია გაგიწიოთ?

-ჩვენ ახლა მხოლოდ თურქეთთან მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ. პორტუგალიას კვირას საქართველოსთან იოლი მატჩი არ ექნება. ჩემი აზრით, პორტუგალიას გაუჭირდება.

0.129482