ფეხბურთი

19:49 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა

19 წლამდე ფეხბურთელთა ელიტრაუნდის პირველი ჯგუფის სტარტზე საქართველოს ნაკრებს დაპირისპირება ესპანელ თანატოლებთან მოუწიათ, რომლებიც ევრო-2015-ის ფავორიტებად მიიჩნევიან. ეს გასაკვირი არაა, რადგან 19-წლამდელთა ევროპირველობის ისტორიაში ესპანელებს 6-ჯერ გაუმარჯვიათ, რაც რეკორდია. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებს პირველი შესარჩევი ციკლი არ ჩაუტარებიათ და პირდაპირ ელიტრაუნდში მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დაპირისპირებას შემადგენლობაში სერიოზული პრობლემით შეხვდა. კერძოდ, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთი ლიდერი ბელგიის “გენკის” შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია აკლდა.

ესპანელებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და გაიმარჯვეს. პირველ თამაშში მარცხმა ქართველების ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შეამცირა.

მატჩის დებიუტში გიორგი ხარაიშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან “სტანდარტული” სახიფათოდ შეასრულა და ესპანელი მცველის ფეხის გავლით ბურთმა კარის გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ბურთი ერთ-ერთ ქართველ მცველს მოხვდა, რის შემდეგ, კარიდან ოდნავ წინ გამოსული ოთარ გოშაძის ზურგსუკან ბადეში ჩაეშვა.

გატანილი გოლიდან მცირე ხანში, ფერნანდესსმა პარტნიორებთან “კედელი” ორჯერ გაითამაშა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი ქართველების კარს ოდნავ ასცდა.

28-ე წუთზე, მარცხნიდან პერესმა კარგი გადაცემა გააკეთა მეტოქის კართან, სადაც ყველას ლასარომ დაასწრო და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.

საქართველოს ნაკრებმა პირველად სახიფათოდ 33-ე წუთზე შეუტია, როდესაც გიორგი ხარაიშვილმა ესპანელთა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და სალვამ ბურთი ნახტომში მოიგერია.

ტაიმის ბოლო წუთზე, მარჯვენა ფლანგზე მყოფმა გრიგოლ ჩაბრაძემ ასისტენტობა ხარაიშვილს გაუწია, რომელმაც ერთი შეხებით საუცხოო პასი მისცა გიორგი თევზაძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ანგარიში შეამცირა – 1:2.

მეორე ტაიმის დასაწყისში დევდარიანმა თამაშში ფორვარდი გურამ გოშთელიანი და ცენტრალური ნახევარმცველი ლადო მოხევიშვილი-ჩიკვილაძე ჩართო. ქართველები უფრო აქტიურად თამაშობდნენ და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. საერთოდ, მეორე 45 წუთი დევდარიანის გაწვრთნილებმა პირველზე გაცილებით უკეთესად ჩაატარეს.

მატჩი 10 წუთის განახლებული იყო, რომ ხარაიშვილი სამ ესპანელს გვერდი აუარა და საჯარიმოს მისადგომებიდან “ცაციათი” ძლიერად დაარტყა – ესპანელი ფეხბურთელისგან “რიკოშეტით” ბურთმა კართან ახლოს ჩაიარა.

ცოტა ხანში, ხარაიშვილმა ინდივიდუალური გარღვევის მერე ესპანელთა საჯარიმოში გახსნილი გოშთელიანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გიორგი ბერიძეს არ დაუგვიანა, მაგრამ კარის წინ მყოფმა ქართველმა ფორვარდმა ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმიდან დაწყებიდან 20 წუთში ესპანელებმა პირველად შეუტიეს, მაგრამ საჯარიმოში მარცხნიდან შესულ მოიას კარიდან გამოსულმა გოშაძემ ბურთი ფეხებში ვარდნით აართვა.

ამის შემდეგ, ისევ ტურნირის მასპინძლებმა შეუტიეს და ბერიძემ “კედელი” გოშთელიანთან გაითამაშა, რის მერე, საჯარიმოში შესულმა დაარტყა, თუმცა კარისოლმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-80 წუთზე, ესპანელებმა მარცხენა ფრთაზე აუტი ჩამოაწოდეს და სალასის პასი მერე, მეტოქის საჯარიმოში ყველას მოიამ დაასწრო და ერთი შეხებით ბურთი ბადეში მოათავსა – 3:1.

მატჩის მიწურულს ხარაიშვილმა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოს დარტყმის შესრულების დროს ბურთი ესპანელთა კართან ჩაჰკიდა და ქართველები მსაჯს მიუთითებდნენ, რომ მოწინააღმდეგე მცველმა ხელით ითამაშა, მაგრამ ამაოდ.

მცირე ხანში, ხარაიშვილმა, რომელიც ქართველებში საუკეთესო იყო, მარცხნიდან კუთხური მოაწოდა და ახლო ძელთან მდგომმა გაგი მარგველაშვილის თავით დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე, ესპანელებმა მარცხნიდან აუტი მოაწოდეს და მოიას პასით საგმა საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

ესპანეთი – საქართველო 4:1 (2:1)

29 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ესპანეთი: სალვა, მარინი (კ), კარისოლი, პერესი, სალასი, ფერნანდესი (სასონი, 56), მოია, ვილესმენი, ლასარო, გუიე (კასკანტე, 68), კარასკო (საგი, 68).

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.

საქართველო: გოშაძე, მალანია, ჩაბრაძე (შულაია, 80), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია (მოხევიშვილი-ჩიკვილაძე), კერძევაძე (გოშთელიანი, 46), ბერიძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლები: 1:0 ვილესმენი (15), 2:0 ლასარო (28), 1:2 ხარაიშვილი (45), 3:1 მოია (80), 4:1 საგი (90)

გაფრთხილება: ტაბიძე (27), ფერნანდესი (41), ლასარო (63), შულაია (82)

მთავარი მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

0.2505