ფეხბურთი

13:09 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუკია და სანაია რუსეთის პირველი დივიზიონის სიმბოლურში

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით ასტრახანის “ვოლგარის” მარჯვენა ნახევარმცველი თემურ ბუკია და ტომსკის “ტომის” თავდამსხმელი ანზორ სანაია მოხვდნენ.

“პეტროვიჩი ერთ ფლანგზე, ხოლო ბუკია მეორეზე “ტოსნოს” მცველებს ატერორებდნენ. შეტევაში მათი აქტიური თამაში თავისი გუნდის მცველებს წნეხს უხსნიდა. ახალგაზრდა ბუკიას განვლილ მატჩში ბევრი რამ გამოსდიოდა: დრიბლინგი, პასი, ართმევა. მხოლოდ დამამთავრებელი დარტყმა არ გამოუვიდა. თუმცა, მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს” – იუწყება onedivision.ru ბუკიას შესახებ, რომელმაც “ვოლგარი” – “ტოსნოს” მატჩი (0:0) სრულად ჩაატარა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მეორედ შეიყვანეს. მან “ვოლგარში” 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

“მას შემდეგ რაც მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა, ანზორი ყველაფერს აკეთებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდეს. მისი თავდადება და მიზანსწრაფულობა შესაშურია. ის თანდათან “ტომის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხდება. მეორე დივიზიონში ძალიან ბევრი მომენტი გამოიყენა და იმედია თავს პირველ დივიზიონშიც გამოიჩენს, ხოლო თუ ტომელები პრემიერლიგაში მოხვდებიან, იგი ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. კარგ თავდამსხმელებს ყოველთვის “ოქროს” ფასი ჰქონდათ” – ასე შეაფასა onedivision.ru-მ “ორენბურგი” – “ტომსკის” შეხვედრაში 26 წლის სანაიას თამაში, რომელმაც ამ სეზონში 23 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. სანაია, რომელიც რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი, სიმბოლურში მესამედ დაასახელეს.

0.121038