ფეხბურთი

11:54 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რამაზ შენგელიაზე” ტაბლოსა და მოედნის საფარს მიხედეს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც “ტორპედო” საშინაო მატჩებს ატარებს, ტაბლო შეაკეთეს და მოედნის საფარის მოწესრიგებას შეუდგნენ. ამის შესახებ “ტორპედოს” ვებგვერდთან ქუთაისური საფეხბურთო კლუბის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგა ჩუბინიძემ ისაუბრა.

“საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები მოედნის გასაუმჯობესებლად. სულ მალე მოხდება მინდვრის შეთესვა, მასზე სასუქისა და ქვიშის შეტანა. ამასთან ერთად მისი სისტემატური მორწყვაც საჭიროა. ახლახან შევიძინეთ ბალახის საკრეჭი ტრაქტორიც. საბედნიეროდ, სრულად უზრუნველყოფილი ვართ იმისთვის, რომ მინდორს ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამაც პრობლემები ვერ შეუქმნას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სხვა ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოვლაც. ასევე, შეკეთდა ტაბლო, რომლისთვისაც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო, რაც არცთუ მარტივი საქმე იყო. სამუშაო ჯგუფთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ყველანაირი პირობა შევუქმნათ სასურველი შედეგების მისაღწევად” – აღნიშნა ჩუბინიძემ.

0.17122