ესპანელი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის "ნაპოლიში" მოღვაწეობა დასრულდა. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პირენელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომელსაც ნეაპოლიტანური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდა.
"როგორც ყველამ იცით, "ნაპოლისთან" კონტრაქტი ორი წელი მაკავშირებდა, რომელიც "ლაციოსთან" მნიშვნელოვანი თამაშის შემდეგ ამოიწურება. მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტსა და მთლიანად ქალაქს, ჩემი მოღვაწეობა ნეაპოლში დასრულებულია. მინდა, რომ ბოლო მატჩი მოვიგოთ და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვუტანო", - განაცხადა ბენიტესმა.
რაფა ბენიტესი "ნაპოლის" 2013 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და გუნდს ამ ხნის განმავლობაში იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. მიმდინარე სეზონის წინ "აძური" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, როცა პლეი ოფში "ბილბაოსთან" წააგო. იტალიის თასსა და ევროპა ლიგაზე ესპანელის გაწვრთნილი შეგირდები ნახევარფინალში დამარცხდნენ, სერია A-ში კი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სამხრეთელები მეოთხე ადგილს იკავებენ და მესამე ადგილოსან "ლაციოს" 3 ქულით ჩამორჩებიან, რომელთაც ბოლო ტურში ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზური სწორედ "ნაპოლის" ერგება.