ფეხბურთი

19:23 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტნი, ვიდრე ფეხბურთელები

ფეხბურთში მოთამაშეთა სხვადასხვა კლუბში დიდძალი თანხის თუ უბრალოდ იჯარის სანაცვლოდ მოგზაურობა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ახლა, გასაკვირია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, ვისაც მთელი კარიერა მხოლოდ ერთი გუნდის რიგებში აქვს გატარებული, ან თუნდაც უმეტესი წლები ერთ სამყოფელში დაუყვია...

წარმოგიდგენთ, ბოლო თაობის გამორჩეულ ათ ფეხბურთელს, რომელთაც მხოლოდ ერთ გუნდში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვთ გამართული.

რაიან გიგზი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელ ლეგენდას რაიან გიგზს "ოლდ ტრაფორდზე" კარიერის მთელი ნაწილი, 24 წელიწადი აქვს გატარებული. ამ ხნის განმავლობაში გიგზმა "წითელი ეშმაკების" ღირსება 963 მატჩში დაიცვა.

პაოლო მალდინი ("მილანი")

გიგზთან შედარებით ერთით მეტი სეზონის დაჰყო იტალიურ "მილანში" პაოლო მალდინიმ. ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა "როსონერის" შავ-წითელი მაისური ჯამში 902 შეხვედრაში მოირგო.

ხავიერ ძანეტი ("ინტერი")

მეორე მილანური გრანდის "ინტერის" სიმბოლოდ ხავიერ ძანეტი მიიჩნევა. გასაკვირი სულაც არაა, რომ არგენტინელი "ნერაძურის" ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი - ძანეტიმ "ინტერნაციონალეს" შემადგენლობაში 19 სეზონში 858 თამაში ჩაატარა.

ჩავი ერნანდესი ("ბარსელონა")

ესპანელი ჩავი მშობლიურ "ბარსელონას" სულ მალე დატოვებს. ლეგენდარული ესპანელი "კამპ ნოუზე" 17 სეზონი ირჯებოდა და გუნდის შემადგენლობაში აქამდე 765 მატჩი გამართა (ჩავის შედეგის ორი თამაშით გაუმჯობესების შესაძლებლობა ისევ ექნება).

ფრანჩესკო ტოტი ("რომა")

იტალიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის დედაქალაქური "რომას" გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს "ჯალოროსის" რიგებში უკვე დაუგროვდა - 23 სეზონი და 742 გამართული მატჩი.

იკერ კასილიასი ("რეალი")

მადრიდის "რეალის" სკოლის აღზრდილ იკერ კასილიასს "სამეფო გუნდში" უკვე 16 გატარებული სეზონი დაუგროვდა. 33 წლის კიპერმა "ბლანკოსის" კარი 725 მატჩში დაიცვა.

პოლ სქოულზი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

ინგლისელ ნახევარმცველ პოლ სქოულზს მხოლოდ "იუნაიტედის ღირსება დაუცავს. სქოულზი "წითელ ეშმაკებში" 20 სეზონი ასპარეზობდა და ჯამში 718 მატჩის გამართვა შეძლო.

სტივენ ჯერარდი ("ლივერპული")

"ლივერპულის" ნამდვილი ლეგენდა სტივენ ჯერარდი გუნდს უკვე დაემშვიდობა. სტივი-ჯისთვის წლევანდელი სეზონი "ენფილდზე" ბოლო გამოდგა. ჯერარდმა "წითლების" რიგებში 17 სეზონში 710 თამაში ჩაატარა.

ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი")

ტურინის "იუვენტუსს" ალესანდრო დელ პიერო 2012 წელს გამოემშვიდობა. მათი რომანი მთელი 19 წელი გრძელდებოდა, რომელმაც ჯამში 705 შეხვედრის დატევა მოასწრო.

ჯონ ტერი ("ჩელსი")

ლონდონის "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის "არისტოკრატთა" ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ტერი ლონდონურ გუნდში 17 სეზონს და ჩატარებულ 668 შეხვედრას ითვლის.

0.239139