ცოტნე ძიმისტარიშვილს მომავალ ზაფხულს უსრულდება 11 წელი, შედარებით უფროს ჩოგბურთელთა შორის კი მეტად წარმატებით უკვე კარგა ხანია ასპარეზობს. ცოტნეს სპეციალისტები ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ და ნიჭიერმა ქართველმა ეს სტატუსი კიდევ ერთხელ ესტონეთში ჩატარებულ 12 წლიანთა შეჯიბრებაზეც დაადასტურა.
ბაქოში ორიოდე თვის წინ გამართულ 2 შეჯიბრებიდან ცოტნე 3 ტიტულით დაგვიბრუნდა, ბალტიისპირეთში კი მან ესტონეთის ქალაქ ვილიანის TENNIS EUROPE U-12-ის პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზა და როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა. ერთეულთა შორის ცოტნე ძიმისტარიშვილმა (მწვრთნელი გაგა დოლიძე) ნახევარფინალში ესტონელთა პირველ ნომერ ჰუგო კრისტიანსონს დამაჯერებლად 6:0, 6:1 მოუგო, ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში ლატვიელ ედვარდს ტეოდორს ლიეპინშს 7:5, 7:5 სძლია.
ცოტნემ წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა. მისი მეწყვილე ერთეულთა ტურნირის ფინალში დამარცხებული კრისტიანსონი გახლდათ. ფინალში ქართულ-ესტონურმა დუეტმა ლატვიელთა წყვილს ლიეპინშ-სკუტელსის შემადგენლობით 6:2, 5:7, 10:4 აჯობა.
ესტონეთში მოპოვებული 2 თასის შემდეგ 11 წლის ცოტნე ლიტვაში, შიაულიაეს ტურნირში ჩაება.