“ქასიმფაშას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-სთან თურქეთის განვლილი ჩემპიონატი შეაფასა, რომელშიც სტამბოლის “გალათასარაიმ” ოქროს მედლები ერთი ტურით ადრე მოიპოვა, ვინაიდან მისმა უშუალო კონკურენტმა “ფენერბახჩემ” სტუმრად “ისთანბულ ბაშახშეხირთან” მატჩში (2:2) ქულები დაკარგა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში თურქული ფეხბურთი წინ ვერ მიდის.
შოთა არველაძე: “გალათასარაიმ”, “ფენერბახჩემ” და “ბეშიქთაშმა”, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, ბოლო მატჩები ძალიან ცუდად ჩაატარეს. შემიძლია ვთქვა, რომ “გალათასარაის” უფრო უმართლებდა, რადგან გუნდი იგებდა. ეს მას სხვებზე უკეთესად გამოსდიოდა. თუმცა, “გალათასარაი” ძირითადად მინიმალური ანგარიშით იმარჯვებდა. გამონაკლისი “ბეშიქთაშთან” შეხვედრა გახდა, სადაც “გალათასარაიმ” ორი უპასუხო გოლი გაიტანა. დაახლოებით 30-ე ტურამდე თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა და როგორც “ფენერბახჩე”, ასევე, “ბეშიქთაში” “გალათასარაის” გვერდით ყოფნას ახერხებდნენ. ჩამორჩენა მხოლოდ ქულა იყო.
“გალათასარაის” კარგი გუნდი ჰყავდა. ალბათ, ჩემპიონატში ამიტომ გაიმარჯვა. ახლა თურქეთის თასის ფინალი იქნება, სადაც “გალათასარაი” და “ბურსასფორი” შეხვდებიან. ასე რომ, “გალათასარაის” წელს ორი ტიტულის მოგების შანსი აქვს. ეს კლუბი ამ სეზონში ყველაფრის მოგებას ვერ მოახერხებს, რადგან თურქეთის სუპერთასზე პენალტების სერიაში “ფენერბახჩესთან” წააგო. თუმცა, ცუდი შედეგი არც ორი ჯილდო იქნება. მითუმეტეს, რომ საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით “გალათასარაიმ” “ფენერბახჩეს” აჯობა, რაც ამ კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, “გალათასარაისა” და მის ძირითად კონკურენტს შორის მთელი სეზონის განმავლობაში კლასში დიდი განსხვავება არ იყო. შესაძლოა, “ფენერბახჩეს” ფეხბურთელებზე დაახლოებით თვენახევრის წინ გუნდის ავტობუსზე თავდასხმამ იმოქმედა. ამ ისტორიის შემდეგ, გუნდმა ძალა ვერ მოიკრიბა და ბევრი ქულები დაკარგა. მართალი გითხრათ, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, რადგან ბოლო პერიოდში თითქმის სულ შოტლანდიაში ვარ, სადაც ამის შესახებ ცოტას საუბრობდნენ. თუმცა, თურქეთის ჩემპიონატის მატჩებს თვალს ვადევნებდი”.
არველაძის აზრით, ბოლო პერიოდში თურქული ფეხბურთის დონე არ იზრდება:
“საერთო ჯამში, თურქულ ფეხბურთზე რომ ვისაუბროთ, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში მისი დონე იზრდება. ტოპ-კლუბების უმეტესობაში წამყვანი მოთამაშეები უცხოელები არიან, მაგრამ საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად ეს არასაკმარისია. “ფენერბახჩე” გარიგებული მატჩების სკანდალის გამო დისკვალიფიცირებულია. მიმდინარე სეზონში “გალათასარაიმ” ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა და მხოლოდ ქულა აიღო, ისიც თავის მოედანზე ჩატარებულ მატჩში. აღნიშვნის ღირსია “ბეშიქთაში”, რომელმაც ევროპის ლიგის პლეი-ოფში “ლივერპულს” აჯობა, მაგრამ სლავენ ბილიჩის გუნდი შორს ვერ წავიდა.
ამიტომ, თურქულ ფეხბურთს საუკეთესო დრო არ უდგას. მართალია, ფეხბურთში ფული იდება, მაგრამ შედეგები უკეთესი უნდა იყოს. ვნახოთ, იქნებ მომდევნო სეზონში “გალათასარაიმ” ჩემპიონთა ლიგაში რამე აჩვენოს. თუმცა, ამისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო”.