სხვა

13:29 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები ლვოვიდან თბილისში დაბრუნდა. წარმატებულ მოკრივეებს თბილისის საერთშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა გოგოლაძე, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

25 მაისს ჭაბუკ მოკრივეებს მათ მწვრთნელებთან და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა 15-24 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მოკრივეთა მონაგარი 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა – სახილ ალახვერდოვმა.

46 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჭაბუკმა მოკრივემ 4 მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში კი რუმინეთის წარმომადგენელ სპორტსმენს სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბადრი ხუციშვილი (63 კგ) და არტიომ იორდანიანი (+80), სულ მედლებისათვის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების 7 წევრი იბრძოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.119206