26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების ხეივანი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოაწყო.
ხეივანი სტადიონის ცენტრალური შესასვლელიდან ფეხბურთის ფედერაციისკენ მიმავალ გზაზეა. მასში განთავსებულ კვარცხლბეკებზე შუშის კუბებში იმ ჯილდოების ასლებია, რომლებიც თბილისის “დინამოს” საბჭოთა კავშირის პერიოდში მოუპოვებია – 1964 და 1978 წლებში მოგებული ჩემპიონობის, 1976 და 1979 წლებში აღებული საბჭოთ კავშირის თასის და 1981 წლის უეფას ევროპის თასების ბფლობელთა თასის. კვარცხლბეკზე იმ ფეხბურთელების და მწვრთნელთა შტაბის წევრების გვარ-სახელებია ამოტვიფრული, რომლებმაც “დინამოს” წარმატება მოუტანეს.
ამის გარდა, ხეივანში არის კვარცხლბეკები, სადაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონობისა და თასის მფლობელი ყველა გუნდის სახელი წარწერილი.
ამასთანავე, ერთ-ერთი კვარცხლბეკი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარაბული პირველი მატჩის პატივსაცემადაა აღმართული. 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრების ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდა და დაპირისპირება 2:2 დასრულდა. კვარცხლბეკზე მატჩის მონაწილე ქართველი ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის გვარებია ამოტვიფრული. თითოეულ კვარცხლბეკზე განათების სისტემაა დამონტაჟებული.
გარდა ამისა, ხეივნის გზაზე დაგებული ფილებია, რომლებზეც საბჭოთა კავშირისა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდის გამოჩენილი ფეხბურთელ-მწვრთნელების გვარ-სახელებია გამოსახული. ამჟამად, არსებულ ფილებს დროთა განმავლობაში სხვა ცნობილი ქართველი ფეხბურთელების გვარ-სახელიანი ფილები კიდევ დაემატება.
ასე რომ, გამოჩენილი ქართველის ფეხბურთელის მიხეილ მესხის ქანდაკებას, რომელიც მისივე სახელობის სტადიონზეა, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების ხეივანი შეემატა.