ესპანური “ვალენსია” მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას შეუდგა და პირველი ტრანსფერი განახორციელა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა ახალგაზრდა მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო გამოისყიდა, რომელმაც აწ უკვე დასრულებული სეზონი იჯარის წესით ჩაატარა “მესტალიაზე” და ლისაბონის “ბენფიკას” საკუთრება გახლდათ.
ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურ დონეზე ჯერ არ სახელდება, თუმცა როგორც ცნობილია “ლოს ჩეს” ნიჭიერი მცველის შეძენა 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ჟოაომ “ვალენსიასთან” 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
“ძალიან ბედნიერი ვარ “ვალენსიაში” დარჩენით. იმედი მაქვს, რომ კლუბს დიდი ხნის განმალობაში დავეხმარები. “ბენფიკა” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, თუმცა ახლა ჩემი უდიდესი ოცნებაა ყველაფერი საუკეთესო “ვალენსიას” მივცე”, - ციტირებს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის სიტყვებს “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
20 წლის მარჯვენა ფლანგელმა დასრულებულ სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.