საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სერბი ფიზომომზადების მწვრთნელი ივან ვუჩეტიჩი მიიწვია.
“საბურთალოს” პრესატაშე კახა მგელაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ვუჩეტიჩი თბილისში რამდენიმე დღე დარჩება და საბურთალოელთა მწვრთნელებთან ერთად ექიმებსაც როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებს.
თავის დროზე, ვუჩეტიჩს “ზესტაფონში” ფიზმომზადების მწვრთნელად გია გეგუჩაძესთან და გია ჭიაბრიშვილთან უმუშავია. მას ბელგრადის უნივერსიტეტის სპორტისა და ფიზაღზრდის ფაკულტეტი დაუმთავრებია.
ივან ვუჩეტიჩი: “ ასაკობრივ გუნდებში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგრამ ყველგან განსხვავებული ვარჯიშებია საჭირო, რადგან ბავშვმა შეძლოს ამა თუ იმ დავალების შესრულება.
არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებიც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ გაწელვით ვარჯიშებს, არადა ამის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. ხანდახან ისე ხდება, როგორც თამაშზე, ასევე ვარჯიშზე გაწელვებისთვის არ რჩება საკმარისი დრო, მაგრამ თუ გვინდა, რომ ტრავმებისგან თავი ავირიდოთ, ამ კომპონენტზე დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
ფეხბურთელის ჩამოყალილებაში ასევე განსაკუთრებულ როლს თამაშობს კოორდინაცია, აერობიკა. ბავშვებში ეს ყველაფერი ისე უნდა კეთდებოდეს, რომ ესიამოვნოთ ამ დავალებების შესრულება. პაუზებიც ხშირი უნდა იყოს. ამასთან ერთად, ფეხბურთელმა სწორი სირბილიც უნდა იცოდეს.
2011 წელს ბელგრადის “პარტიზანში" მუშაობისას აკადემიაში სელექცია ჩავატარეთ, საუკეთესოები ავარჩიეთ, შემდეგ კი ეტაპობრივად დავაწინაურეთ. იმ პერიოდის ფეხბურთელებიდან დღეს რამდენიმე მათგანი ევროპაში მაღალ დონეზე ასპარეზობს - მიტროვიჩი ბელგიური “ანდერლეხტის” ღირსებას იცავს, მარკოვიჩი “ლივერპულში” თამაშობს, პანტიჩმა კი კონტრაქტს ხელი ლონდონის “ჩელსისთან” მოაწერა.
სერბეთში ფიზმომზადებას ადრე უფრო დიდი ყურადღება ექცეოდა. ამიტომ, იმ პერიოდში თავისუფლად შეიძლებოდა წარმატებული მწვრთნელი რომელიმე ევროპულ გრანდში მოხვედრილიყო. ახლა ეს ნაკლებადა შესაძლებელია. სერბებს წარმატებები გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში. ეროვნული გუნდი უკვე წლებია რეგრესს განიცდის.
დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც. სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით ასპარეზობენ ელიტ რაუნდის მატჩებში, თუმცა ქვეყნის პირველ გუნდში არასტაბილურობაა”.
გიორგი ჭიაბრიშვილი (“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა “საბურთალოს” ხელმძღვანელებს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, რომ ივან ვუჩეტიჩი ჩამოგვეყვანა თბილისში და მწვრთნელებს, ექიმებს ცოდნა გაგვეღრმავებინა. სწორედ, ამ დარგში გვაქვს განსაკუთრებული პრობლემები, ამიტომ სერბი სპეციალისტის სემინარები თითოეული საბურთალოელისთვის დიდი გამოცდილება იქნება.
ივანთან ერთად “ზესტაფონში” ვმუშაობდი, სადაც ქვეყნის ჩემპიონები ორჯერ გავხდით. ძალიან საინტერესო პიროვნებაა, განათლებული და თავის საქმის პროფესიონალი. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვართ ერთმანეთისგან, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და როდესაც გარკვეული კითხვები მიჩნდება ან რაღაც მაინტერესებს, მუდმივად ვუკავშირდები და ინფორმაციას ვიღებ. ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. სპეციალურად დამზადებული პროგრამა ჩამოიტანა, რომელსაც ყოველდღიურად “საბურთალოს” მწვრთნელები გაეცნობიან”.
გიორგი დეკანოსიძე (“საბურთალოს” აკადემიის დირექტორი): “ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად განვითარდეს და პროგრესი განაგრძოს. ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ “საბურთალოს” მწვრთნელებმა მეტი შევიძინოთ, ახალი გავიგოთ, შემდეგ კი ცოდნა ბავშვებს გადავცეთ”.