ჩოგბურთი

12:48 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მთელი ყურადღება პარიზისკენ!

დღეს, ქართველი ჩოგბურთის მოყვარულების ყურადღება პარიზისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასული ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს ეთამაშება. “როლან გაროსზე” პირველი რაუნდის მატჩები სტარტს 13:00 საათზე აიღებს, ქართულ-ავსტალიური დაპირისპირება კი მე-3 წყებაში დაიწყება.

მე-17 კორტზე თავდაპირველად გერმანელი საბინ ლისიცკი და პუერტო რიკოელი მონიკა პუიგი გავლენ, შემდეგ კი – იაპონელი დანიელ ტარო და ესპანელი ფერნანდო ვერდასკო. ჩვენთვის საინტერესო მატჩის დაწყებას სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდეთ.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა, ის მხოლოდ ტურნირის დასრულების შემდეგ შეემატება, მანამდე კი, კლასიფიკაციაში უკუსვლა შეეხო. ნიკოლოზი 25 პოზიციით დაქვეითდა და 323 ქულით 160-ე ადგილზეა.

მოგვიანებით, “როლან გაროსში” ჩაებმება ოქსანა კალაშნიკოვაც, რომელიც უკვე ტრადიციულად ძალებს წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს. ქართველი ჩოგბურთელი ბულგარელ ცვეტანა პირონკოვასთანაა შეამხანაგებული და რთული მატჩი ელის, რადგანაც სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვას და ავსტრალიელი სამანტა სტოსურის წინააღმდეგ დადგება.

ცნობისთვის, წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 966 ქულა გააჩნია და საკმაოდ მაღალ – 77-ე ადგილზე იმყოფება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ ერთეულთა რეიტინგში ქართველთაგან დიდი ცვლილებები არავის შეხებია. ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ისევ სოფო შაფათავას გააჩნია, რომელმაც 3 პოზიცია დათმო და 186 ქულით 243-ე ადგილზეა.

243 (240). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 335 (336). ეკატერინე გორგოძე – 107; 368 (370). სოფო ქვაცაბაია – 93; 536 (534). მარიამ ბოლქვაძე – 42; 654 (642). ოქსანა კალაშნიკოვა – 29; 895 (895). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1106 (1149). თამარ ჭალაგანიძე – 5; 1116 (1115). თამარ კუტუბიძე – 5;

მიმდინარე კვირაში შაფათავა იტალიურ გრადოში იმყოფება და ძალებს 25-ათასიან ტურნირში სცდის. ერთეულთა შეჯიბრში სოფოს მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, წყვილებში კი ის რუს მარინა შამაიკოსთან გახლავთ შეამხანაგებული და მე-3 რეიტინგის მქონე შვეიცარიულ-ბრაზილიურ დუეტს (გოლუბიცი-ჰადად მაია) გაეჯიბრება.

სლოვენიურ მარიბორს სტუმრობენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. პირველი 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული, მეორეს კი კვალიფიკაციაში მოუწევს თამაში. ქვაცაბაია მე-4 ნომრადაა განთესილი და პირველ მატჩში რუს ანა პრიბილოვას გაეჯიბრება.

0.123192