ფეხბურთი

12:38 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა სიცილიას დაემშვიდობა და "იუვეს" მიესალმა

იტალიური "პალერმოს" არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა ზაფხულიდან სამყოფელს შეიცვლის და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება. 21 წლის თავდამსხმელი საკუთარ გუნდს და ქომაგებს უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა. ეს ყველაფერი კი კვირას, "ფიორენტინასთან" მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.

დიბალამ იტალიურ მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ გადაწყვიტა ტურინში გადაბარგება. მისი თქმით, მას სკუდეტოს მოგება უნდა და "იუვენტუსი" ამისათვის იდეალური ადგილია.

"იუვენტუსი" იმიტომ ავირჩიე, რომ მას ყველაზე მეტად უნდოდა ჩემი შეძენა. ტურინში შევეცდები, რომ ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. "იუვეს" ყოველთვის გამარჯვება უნდა, ეს მათი მენტალიტეტია.

"პალერმოში" გატარებული სამი წელი არასდროს დამავიწყდება, არ დამავიწყდება ქალაქი, გუნდი, თანაგუნდელები, გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები.

ვფიქრობ, "იუვეში" უკეთ ათამაშება შემიძლია. იმედი მაქვს, რომ კარლოს ტევესი გუნდში დარჩება და მასთან ერთად ვითამაშებ", - განუცხადა დიბალამ "სქაი სპორტს".

პაულო დიბალა "პალერმოში" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მან იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

0.12792