“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რადამელ ფალკაო “მონაკოში” დაბრუნდება.
სამხრეთამერიკელი მოთამაშე “წითელი ეშმაკების” რიგებში ერთწლიანი იჯარის წესით ასპარეზობდა. ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული უპირატესობა არ გამოიყენეს.
ლუის ვან გაალმა ფალკაოს შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “რადამელი ტოპ კლასის პროფესიონალია და კარგი ადამიანი. წარმატებას ვუსურვებ მომავალში.”
აწ უკვე გასულ სეზონში ფალკაომ ინგლისური გრანდის რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
ჯერჯერობით თავდამსხმელის მომავალი გაურკვეველია. სად გააგრძელებს კარიერას სამხრეთამერიკელი, საფრანგეთში მისი ჩასვლის შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება. შესაძლოა ის “მონაკოში” დარჩეს ან სხვა გუნდში გადავიდეს.