მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე პირველი ლიგის პლეი ოფის მატჩი თბილისის “ლოკომოტივსა” და “ბორჯომს” შორის გაიმართა. გულშემატკივრებმა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იხილეს.
თამაში დედაქალაქელთა უპირატესობით დაიწყო და მე-15 წუთზე გიორგი კიკნაძემ ახლო მანძილიდან გოლის გატანა შეძლო.
24-ე წუთზე ბორჯომელებს რეალური მომენტი ჰქონდათ, ბექა მუმლაძის, ლაშა კვარაცხელის და გიორგი ლობჟანიძის სამვლიანი კომბინაციის დროს უკანასკნელმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი კარისკენ წავიდა და რომ არა ბაჩო მიქავას კარგი თამაში ანგარიში გათანაბრდებოდა.
29-ე წუთზე თბილისელები შეტევაში გართულები იყვნენ, როდესაც “ბორჯომმა” კონტრშეტევა წამოიწყო. ზურაბ ღირდალაძემ საჯარიმოს მისადგომებთან მიხეილ როსტიაშვილი მოძებნა, თავდამსხმელმა კი მიქავას შანსი არ დაუტოვა – 1:1.
ბორჯომელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 33-ე წუთზე კიკნაძე საჯარიმოში შეიჭრა და დაარტყა, მართალია გოგიაშვილმა ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე გიორგიმ იყოჩაღა და ანგარიში 2:1 გახადა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წამში გიორგი დიასამიძემ გოგიაშვილს ძლიერად დაურტყა, თუმცა ბორჯომელთა მეკარემ შეტევის განეიტრალება შეძლო. 50-ე წუთზე მუმლაძემ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბექამ კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა, მეორე სართულიდან კი მცველმა მიხეილ ჩხარტიშვილმა ძლიერი თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
86-ე წუთზე კიკნაძემ საჯარიმოში მამია გავაშელიშვილს უპასა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ოთხიოდე წუთში “ბორჯომმა” გათანაბრება კვლავ შეძლო. მატჩის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე შესრულებული კუთხურის შედეგად, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბურთი შეცვლაძე შემოსულ დავით კირვალიძეს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
ძირითად დროში “ლოკომოტივი” აქტიურობდა, სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, “ბორჯომი” კი მდევრის როლში გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბორჯომელები საჭირო მომენტებს იყენებდნენ.
დამატებითი დროის მე-14 წუთზე ილია ვეკუამ საჯარიმოში ჩააწოდა, სერგი კობესაშვილმა თავით კარში დაარტყა და რომ არა მიქავას კარგი თამაში ბორჯომელები დაწინაურდებოდნენ.
მეორე დამატებული ტაიმის მე-12 წუთზე მამია გავაშელიშვილს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი გოგიაშვილმა მოიგერია და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.
საბოლოოდ მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც “ლოკომოტივმა” 4 დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო “ბორჯომმა” – 2.
27 მაისს კვლავ “მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე უკვე გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. რუსთავის “მეტალურგი” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება და გამარჯვებული საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
პირველი ლიგის პლეი-ოფი.
23 მაისი. მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი.
ბორჯომი – ლოკომოტივი 3:3 (1:2, 2:1 დ.დ 0:0, პენ )
ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა, საჯაია, ჩხარტიშვილი, მუმლაძე, ჯოჯუა, თედიაშვილი (კობესაშვილი 88), კვარაცხელია (სალარიძე 46), ლონჟანიძე, ღირდალაძე (კირვალიძე 86), როსტომაია.
მთავარი მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
ლოკომოტივი: მიქავა, მაკასარაშვილი, ჩიტეიშვილი, სანდოხაძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი, არაბიძე (ართმელაძე 74), დიასამიძე (ჩიხლაძე 99), სულთანიშვილი, გაგნიძე, სამურსაკოვი (ღვინიაშვილი 78).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გოლი: 0:1 კიკნაძე (15) 1:1 როსტიაშვილი (29), 1:2 კიკნაძე (33), 2:2 ჩხარტიშვილი (50), 2:3 გავაშელიშვილი (86), 3:3 კირვალიძე (90+1).
თერთმეტმეტრიანები: 1:0 ვეკუა, 1:1 გავაშელიშვილი, 2:1 ჩხარტიშვილი, 2:2 ჩიტეიშვილი, 2:3 გაგნიძე, 2:4 სულთანიშვილი.
გაფრთხილება: ჯოჯუა (34), ვეკუა (62), დიასამიძე (71), ლობჟანიძე (90+3), სულთანიშვილი (106),
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა