ფეხბურთი

11:21 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე: “გუნდში პენალტებს მე ვასრულებ”

უკრაინის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ვაჩიბერაძემ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად ჰოლანდიელ თანატოლებთან შეხვედრა სურს.

- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შენთვის სასიამოვნო მოვლენაა. მსგავს წარმატებას მიეჩვიე?

- ჩემთვის ეს სასიამოვნო მოვლენაა. გამიმართლა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოვხვდი. ორი წლის წინ, ჩვენ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.

- თუ ორი წლის წინ ელიტ-რაუნდში გამარჯვებას ამჟამინდელს შეადარებ, ემოციები მსგავსია?

- ცალსახად, ისინი სხვადასხვაა. მაშინ, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, ხოლო ეს გამარჯვება სულ სხვაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებას უფრო კარგად ვათვითცნობიერებთ.

- განვლილ ტურნირზე თქვენთვის ყველაზე რთული რომელი მატჩი იყო?

- უდავოდ, ელიტ რაუნდის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩატარებული მატჩი, რომელიც ძალიან ნერვიული და დაძაბული აღმოჩნდა.

- დისკვალიფიკაციის გამო პირველი მატჩი გამოტოვე. რა შეგრძნებაა, როდესაც თამაშს უყურებ, მაგრამ მოედანზე ვერ გადიხარ?

- ასეთი ვითარება ფეხბურთელისთვის ძნელია. სხვათაშორის, მსგავს სიტუაციაში მეორედ აღმოვჩნდი. გასულ ჯერზეც, ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაში გამოვტოვე.

- მეორე შეხვედრა პოლონეთთან ჩაატარეთ, რომელშიც მთავარმა მსაჯმა სამი პენალტი დანიშნა...

- იმ მატჩში ორი გოლი გავიტანე. გუნდში პენალტებს მე ვასრულებ. ერთხელ ციგანკოვმა მთხოვა, რომ დაერტყა და სამწუხაროდ ვერ გაიტანა.

- მესამე თამაშში მხოლოდ გამარჯვება გჭირდებოდათ...

- ეს გვესმოდა და გავიმარჯვეთ კიდეც.

- ელიტ რაუნდში დასახული ამოცანა შეასრულეთ და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ. გუნდს მომავალში რა გეგმა აქვს?

- ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ახლა ძალიან დაღლილები და ბედნიერები ვართ, რადგან ელიტ რაუნდში გავიმარჯვეთ.

- საბერძნეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვისთან გსურთ?

- ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრა მინდა.

0.120695