სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

0:34 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელი სანდუ ერთპიროვნულად გალიდერდა

ჩაქვში მიმდინარე საჭადრაკო ევროპის პირველობას 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მიქაელა სანდუ (რუმინეთი, 2300) ლიდერობს, რომელმაც რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ოლგა გირია (2479) დაამარცხა და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

სანდუს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 2423), ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2473), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2450) და ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2472).

გუშინდელი ტურის წინ ლიდერთა მეწინავე ოთხეულში მყოფი კაშლინსკაია-ბაციაშვილის ფრედ დასრულებული შეხვედრა შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. პარტიაში ნიმცოვიჩი გათამაშდა, მეტოქეები აშკარად ფრთხილობდნენ და ზედმეტ გართულებების გარეშე დააფიქსირეს ფრე.

თეთრი ფიგურებით შედარებით უარესი პოზიცია მიიღო ჯავახიშვილმა სალომეა ზაკსაიტესთან (ლიტვა, 2203) შეხვედრაში. თუმცა, შუა თამაშში ლიტველმა მოჭადრაკემ რამდენიმე უზუსტობა დაუშვა, რაც კარგად გამოიყენა წლევანდელი გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა ჯავახიშვილმა და მოგებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

პრაქტიკულად მოგებული პარტია გააყაიმა ბელა ხოტენაშვილმა ელინა დანიელიანთან (სომხეთი, 2458) დაპირისპირებაში. ბელას 39-ე სვლაზე გადამწყვეტი დარტყმის მიყენება შეეძლო მეტოქისათვის, თუმცა ცაიტნოტში უზუსტობა დაუშვა და პარტიაც გააყაიმა.

ასევე ფრედ დაასრულა პარტია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ რუს ალისა გალიამოვასთან (2478) დაპირისპირებაში. სლავურ დაცვაში თეთრებმა უპრეტენზიო სისტემა აირჩიეს და პარტიაც შედარებით მშვიდი დინებით განვითარდა.

მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: სანდუ – ჯავახიშვილი; ბაციაშვილი – კოვალევსკაია; გირია – კაშლინსკაია; ხოტენაშვილი – არაბიძე.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11503