ფეხბურთი

21:39 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედის” ცხელი ზაფხული

“მანჩესტერ იუნაიტედი” ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ლუის ვან გაალის გუნდს პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეოთხე ადგილი გარანტირებული აქვს, რაც ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

“წითელი ეშმაკების” ირგვლივ სატრანსფერო სიახლეები ლამის ყოველდღე იწერება. ფაქტია, რომ “მანიუ” ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს.

ინგლისელი ჟურნალისტები “იუნაიტედს” ყველაზე აქტიურად უელსელ ნახევარმცველ გარეთ ბეილს უკავშირებენ, რომელსაც მადრიდის “რეალში” მაინცდამაინც წარმატებული სეზონი არ ჩაუტარებია. მის გარდა, მანჩესტერელთა თვალთახედვის არეში გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი და “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინიც არიან.

არსებობს იმის შანსიც, რომ “ოლდ ტრაფორდი” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ დატოვოს, რომლის შემცვლელადაც ინგლისში “ჩელსის” გამოცდილი კიპერი პეტერ ჩეხი ესახებათ. ჩეხი ლონდონში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის და თანაც, თუ მის აგენტს დავუჯერებთ, ჩეხი მეკარე კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში გააგრძელებს.

ლუის ვან გაალი უკვე დიდი ხანია იტალიური “რომას” თანამემამულე ნახევარმცველ კევინ სტროტმანს უტრიალებს. აქ მთავარი პრობლემა 26 წლის მოთამაშის ხშირი ტრავმებია, რის გამოც მას თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. სამაგიეროდ, არსებობს სტროტმანის ალტენატივაც - მისივე თანაგუნდელი, ბელგიელი რაჯა ნაინგოლანი, რომელიც თავის მხრივ “რომას არ ეთმობა.

თუმცა ზაფხულამდე და სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე, “მანჩესტერმა” უკვე გაჩარხა ერთი ტრანსფერი. 1-ელი ივლისიდან “ოცნების თეატრში” “ეინდჰოვენის” ჰოლანდიელი გარემარბი მემფის დეპაი ითამაშებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ ივნისს გაიხსნება, შემდეგ კი უკვე ნათელი მოეფინება, რამდენად რეალურია მანჩესტერული სატრანსფერო სიახლეები.

0.119286