ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გააღწია, რისი წყალობითაც 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ბასილაშვილმა გადამწყვეტი მატჩი ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან გამართა და მსოფლიოს 156-ე ჩოგანი 6:2, 4:6, 6:2 დაამარცხა. ნიკოლოზმა 3 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 8-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავისი მოწოდება კი 3-ჯერ დათმო. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯამში 83 გათამაშება მოიგო, ამერიკელმა კი – 65.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს რეიტინგში 135-ე ადგილი უკავია, “როლან გაროსზე” წარმატებული თამაში კი წინსვლის საშუალებას მისცემს. უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ნიკოლოზის მეტოქე 19 წლის ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი (83-ე ჩოგანი) იქნება.
შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ათიოდ დღის წინ, ბასილაშვილი კოკინაკისს ბორდოს ჩელენჯერზე გადაეყარა და 2:6, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც მცირე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.