ფეხბურთი

12:11 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა კატალონიელი სიამაყე

ბარსელონა მშვენიერი ქალაქია, ცხელი კლიმატითა და თბილი ხალხით. ბარსელონა ესპანეთის განსახიერებაა, თუმცა პირველყოვლისა ბარსელონა კატალონიაა. კატალონია კი ესპანეთის ნაწილად თავს ნაკლებად მიიჩნევს, დიდი ხანია დამოუკიდებლად სუნთქვას ცდილობს, მაგრამ ამაოდ.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა XXI საუკუნის პირველი ათწლულის ბოლოსა და მეორე ათწლეულის დასაწყისში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა ვეჭვობ, ამის გაკეთება დამოუკიდებლობას დაწყურებული კატალონიის შვილების გარეშე მოეხერხებინა.

დიახ, იმ “ფურია როხას” მთავარი დამრტყმელი ძალა ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი იყვნენ. ფაქტია, რომ ამ ბიჭების კუნთმაგარმა ფეხებმა და გამჭრიახმა გონებამ ესპანეთის საფეხბურთო ისტორიას ოქროს წლები მოუტანა და უსახსოვრა.

და მაინც, იმ გასაოცარი ესპანეთის ნაკრების მთავარი ღერძი ჩავი ერნანდესზე, იგივე ჩავიზე გადიოდა. შეტევა, რომელიც აგრერიგად აღგვაფროვანებდა ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, სწორედ ტანდაბალი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭისგან იწყებოდა.

საერთოდ, ფეხბურთი უცნაური სპორტის სახეობაა – მთავარი გოლია, გოლი გულშემატკივარში ემოციას იწვევს, გოლი, მეხსიერებაში ილექება, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გოლი შედეგს განაპირობებს, გოლი ფეხბურთის მთავარი ხიბლია...

არადა, გოლამდე თამაშია დასალაგებელი, თავდამსხმელის უკან მდგომის, თამაშის წარმართველის გარეშე არაფერი გამოვა, სწორედ ასე თავდამსხმელის უკან მდგომი მოთამაშეა ჩავი, მოედანზეც და მოედნის მიღმაც. აბა, სხვა რა ახსნა მოეძებნება იმას, რომ ამ უნიკალურ და იშვიათთაგან ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” არასდროს მოუგია, მაგრამ განა ამას მნიშვნელობა აქვს, განა წლები რომ გავა, ვინმეს ჩავიზე მეტად მაიკლ ოუენი გაახსენდება ან ჟორჟ ვეა? (მათ კვალიფიკაციას არ ვაკნინებ და დიდ პატივსაც ვცემ, თანაც მათ სხვადასხვა პერიოდში მოუწიათ გარჯა, უბრალოდ, შედარებისთვის) – ვეჭვობ, რომ ჩავი არავის გვერდით მდგომი, “ოქროს ბურთით” თუ მის გარეშე არ დაიკარგება, არ გაფერმკრთალდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელი გენიოსის სტილის მოთამაშენი თითქმის არ არსებობენ, ან თუ არსებობენ ძალზე მწირი რაოდენობით. ერთ-ერთი მათგანი ალბათ, იტალიელი ანდრეა პირლოა. რამდენჯერ, რამდენი ადამიანისგან და რამდენნაირი შედარება მოგვისმენია ამ ორი მოთამაშისა, თუმცა რეალობა ის იყო, რომ ამ ორ გენიოსს შორის ყოველთვის ურთიერთპატივისცემა არსებობდა ნაცვლად კონკურენციისა, ეს კი ნამდვილ ადამიანებს შეუძლიათ. ჩავი პირლოსგან სწავლობდა, პირლო ჩავისგან, ამ ფეხბურთელთა არსებობით კი ყველაზე მეტად მოგებულნი ფეხბურთის გურმანები დარჩნენ, თანაც რამხელა ფუფუნებაა, გქონდეს საშუალება ერთ ეპოქაში ნახო ჩავის და პირლოს თამაში? - ამაში ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა.

ჩავი საფეხბურთო ავანსცენაზე 17 წლის წინათ გამოჩნდა – 1998 წელს 18 წლის ბიჭის გამოჩენა “კამპ ნოუზე” კატალონიური სიდიადის დასაწყისი აღმოჩნდა. ჩავის დებიუტი ისეთი გამოუვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა, პირველივე მატჩში ესპანეთის სუპერთასზე გოლის გატანა შეძლო.

რა თქმა უნდა მისი საფეხბურთო განვითარება და იმ ჩავად შედგომა, რაც ახლა არის, ერთ თამაშში და ერთ დღეში არ მომხდარა, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ისე, როგორია, გეცვას “ბარსელონას” მაისური და შენი ადგილი ამ უდიადეს გუნდში ლამის ორი ათეული წელი არ ირყეოდეს? – ეს მხოლოდ ერთეულთ ძალუძთ, ჩავი კი ამ ერთეულთა ნაწილი გამოდგა.

ესპანეთის ნაკრების დარად, საკლუბო ასპარეზზე ჩავისთან ერთად “ბარსამაც” ყველანაირი სიმაღლე დაიპყრო, არ დარჩენილა არცერთი ტურნირი, რომელშიც “ბლაუგრანამ” მეტოქეებს ზევიდან არ გადმოხედა, სადაც კი იასპარეზა. მერე რა, რომ ბარსელონელებს, ჯერ ჯადოქრული თვისებების მქონე რონალდინიო ჰყავდათ, ახლა კი ლიონელ მესი ჰყავთ. ესპანელთა მთავარი გუნდის მსგავსად, ვეჭვობ, რომ კატალონური გრანდის სიკაშკაშე ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც იყო ან თუნდაც ახლაა, ჩავი ამ გუნდის ტვინი იყო.

იყო, სამწუხაროდ ჩავის და “ბარსელონას” ურთიერთობაზე ამიერიდან მხოლოდ წარსულ დროში მოგვიწევს საუბარი. ჩავი სახლიდან მიდის...

35 წლის ფეხბურთელი წასვლას ერთი წლის წინაც აპირებდა, თუმცა ლუის ენრიკეს თხოვნით მშობლიურ კერაში დარჩა, მაგრამ ერთი წელი სწრაფად გავიდა, გავიდა და ფეხბურთელმა წასვლა საბოლოოდ ამჯობინა.

ჩავის თამაშის საცქერად ამიერიდან ყატარის მდიდარ მიწაზე გახედვა მოგვიწევს, ესპანელი ზაფხულიდან “ალ სადის” წევრი იქნება და აზიელებს საფეხბურთო მასტერკლასებს გაუმართავს... არადა, ჩავის გამო ნამდვილად ღირს “ალ სადის” თამაშის ცქერა, დამიჯერეთ, რომ ნამდვილად ეღირება!

თუმცა მანამდე საბედნიეროდ “ბარსელონას” ლურჯ-წითელი მაისურით კიდევ ვიხილავთ, თანაც სად? – ჩემპიონთა ლიგის ფინალში! ჩავის თავისი მშობლიური გუნდის ღირსების დაცვა ბოლოჯერ 6 ივნისს, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოუწევს, მისი მეტოქე კი მოედნის შუა ხაზში მისივე ძველი ნაცნობი, მისივე ჯილა, ანდრეა პირლო იქნება...

უკეთეს დასასრულს ალბათ ვერ ვინატრებდით – ჩავი კიდევ ერთხელ შეეცდება თავისი სიდიადის დამტკიცებას. კაცმა რომ თქვას, დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს, მაგრამ მაინც...

ისე, როგორც კოლუმბიელმა მწერალმა გაბრიელ გარსია მარკესმა ბრძანა, ნუ ვტირით იმის გამო, რომ ეს დამთავრდა, გავიღიმოთ იმის, გამო რომ ეს იყო...

დაე გავიღიმოთ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩავის თამაშით ტკბობა და საფეხბურთო ეშხის შეგრძნება ჩანაწერებით არ მოგვიწია. ამაში მომავალ თაობას ნამდვილად ვაჯობეთ...

თეგებიჩავი
0.213496