კალათბურთი

1:56 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პულენმა რეჯიო ემილიაში გაიბრწყინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა “ენელ ბრინდისის” იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფში უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი მოაგებინა.

პულენის კლუბს “რეჯიო ემილიასთან” სტუმრად პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და მეორეშიც დიდი ბრძოლა გადახდა, თუმცა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის წინამძღოლობით 74:71 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ჯეიკობს მატჩის მიწურულამდე 1 ბურთიც კი არ ჰქონდა ჩაგდებული და დასკვნით სამ წუთში 14 ქულა (!) მოაგროვა, ბოლო წუთზე კი საერთოდაც 8 ქულა მიითვალა.

საბოლოდ ჯამში, პულენმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 14 ქულას 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ჯეიკობმა 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, მასპინძელთაგან კი მას აჩილე პოლონარამ (24 ქულა, 9 მოხსნა) და ლიტველმა დარიუშ ლავრინოვიჩმა (19 ქულა) აჯობეს.

23 და 25 მაისს “ენელ ბრინდისი” საკუთარ კედლებში ითამაშებს და თუკი ორივე მატჩი მოიგო, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, საჭიროების შემთხვევაში კი, 27 მაისს დასკვნით თამაშს რეჯიო ემილია უმასპინძლებს.

პულენისგან განსხვავებით, ცუდი დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინს, რომლის “კანტუმაც” “უმანა ვენეციასთან” სტუმრად ზედიზედ მე-2 თამაში წააგო – 72:77.

აღსანიშნავია, რომ კანტუელებმა დასკვნითი მეოთხედი 34:14 მოიგეს, თუმცა, მანამდე ისე ჩამორჩებოდნენ, რომ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.

სტუმრებს, შესაბამისად, 25 და 24 ქულით ამერიკელებმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა და ჯეიმს ფელდეინმა ულიდერეს, შერმადინმა კი 15 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“კანტუს” მომდევნო მატჩი შინ 23 მაისს ელის და თუ ისიც წააგო, ნახევარფინალს ვადაზე ადრე გამოეთხოვება.

0.143326