ფეხბურთი

21:05 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" თავის აღზრდილებს დაიბრუნებს

იტალიური "რომა" მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს. "მგლები" პირველ რიგში თავიანთი ფეხბურთელების “ოლიმპიკოზე" დაბრუნებას აპირებენ, რომლებმაც მიმდინარე სეზონის იჯარით სხვა კლუბებში გაატარეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ჯალოროსი" გენუის "სამპდორიას" 20 წლის მცველის, ალესიო რომანიოლისა და "ჯენოას" ნახევარმცველის ანდრეა ბერტოლაჩის უკან დაბრუნებას გეგმავს.

ორივე ზემოხსენებული მოთამაშე რომაული გუნდის აღზრდილი გახლავთ. რომანიოლიმ, რომელიც იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მიმდინარე სეზონი "სამპდორიაში" გაატარა და 28 მატჩში ერთი გოლიც გაიტანა. რომანიოლი, დანიელე რუგანისთან ერთად, რომელიც გაისად "იუვენტუსში" ითამაშებს, იტალიური ფეხბურთის დაცვის ხაზის მთავარ იმედად მიიჩნევა.

ბერტოლაჩი კი უკვე სამი სეზონია მეორე გენუური გუნდის, "ჯენოას" რიგებში თამაშობს, მანამდე კი "ლეჩეს" ღირსებასაც იცავდა. წლეულს 24 წლის ბერტოლაჩიმ სერია A-ში 32 მატჩში მეტოქეები 6-ჯერ დაამწუხრა.

0.114131