გერმანიის მესამე ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” ქართველმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ ინგლისის ჩემპიონშიპის საფეხბურთო კლუბ ლონდონის “ბრენტფორდთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი mz-web.de იუწყება.
საკონტრაქტო თანხის სახით გერმანიის მოქალაქე გოგია 400000 ევროს მიიღებს, ხოლო “ბრენტფორდში” ხელფასი თვეში 30000 ევრო ექნება, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე “ჰალეშერში” გამოიმუშავებდა.
“ბრენტფორდის” მეპატრონე მეთიუ ბინჰემს ქართველი ალექს პრიტჩარდის შემცვლელად სჭირდება, რომელსაც “ტოტენჰემი” ეპატიჟება.
სამშაბათს, გოგია ლონდონში იმყოფებოდა და თავისი მომავალი საცხოვრებელი ბინა დაათვალიერა. ის ლონდონის დასავლეთში სტადიონ “უემბლისთან” ახლოს იცხოვრებს, სადაც 1-ელ ივლისს გადავა.
მანამდე, სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი მეგობარ გოგონა ანდრეასთან ერთად დასვენებას საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე აპირებს. შვებულების შემდეგ, ფეხბურთელი ლონდონში მარტო გაემგზავრება, ხოლო ანდრეა აუგსბურგში დარჩება.
mz-web.de იუწყება, რომ გოგიას ახალ კლუბში თავის წარმოჩენის სურვილი აქვს, რომ საქართველოს ნაკრებში მიიწვიონ. ამდენად, აკაკი მთლიანად თავის მომავალ სამუშაოზეა კონცენტრირებული. ის ინგლისურ ენას ეუფლება და როგორც აღნიშნა, ბევრი რამ უკვე ესმის.
გოგიას თქმით, “ბრენტფორდს” დიდი გეგმები აქვს და შესაძლოა, მომავალში პრემიერლიგაში მოსახვედრად იბრძოლოს.
ფეხბურთელის განმარტებით, ინგლისური კლუბი უპირველესად მისმა სტატისტიკურმა მონაცემებმა დააინტერესა. ამის შემდეგ, “ბრენტფორდის” სკაუტები გოგიას მიერ ჩატარებულ არაერთ თამაშს დაესწრნენ. მან ისიც დაამატა, რომ გერმანიის მესამე ლიგიდან ინგლისის ჩემპიონშიპში მოხვედრა მეტად ძნელად წარმოსადგენია.