ჭიდაობა

14:17 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა სამბისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. აქედან 7 მამაკაცთა ნაკრების მონაგარია, ხოლო 3 - ქალების. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამბოს ფედერაციამ შემაჯამებელი პრესკონფერენცია სამინისტროში გამართა.

სამბისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს. ევროპის ჩემპიონატის დეტალებზე სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა ისაუბრეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) დაისაკუთრეს. კონტინენტის პირველობა ორივე სპორტსმენმა წაუგებლად ჩაამთავრა.

ფინალში როგორც ჩიდრაშვილმა, ასევე ლორიაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა. ჩიდრაშვილმა საიან ხერთეკს აჯობა, ხოლო ლორიაშვილმა - რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ წევრ სერგეი სამოილოვიჩს სძლია.

ვერცხლის პრიზიორი 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ტუღუში გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ), კახა მამულაშვილმა (74 კგ) და დავით კარბელაშვილმა (90 კგ) აიღეს.

ქალთა ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) იჭიდავა - ფინალამდე მივიდა, სადაც უკრაინელ ნატალია სმალთან წააგო. შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (+80 კგ) კი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

კაცთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა.

msy.gov.ge

0.125511