გუშინ “ემირათს სთედიუმზე” ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა შედგა. ადგილობრივმა ლონდონის “არსენალმა” პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “სანდერლენდი” მიიღო და დასახული მიზანი შეასრულებინა.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველ ნახევარში ყველაზე კარგი მომენტები ალექსის სანჩესსა და ოლივიე ჟირუს ჰქონდათ, თუმცა ორივეს მიზანმა უმტყუნა.
მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და 49-ე წუთზე ორ მომენტში შეეძლოთ გატანა. ჯერ ადამ ჯონსომა დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ფლეტჩერი, რომელსაც ოსპინამ აჯობა. შემდეგ კი, დეფოს ჩინებული პასით ვან აანჰოლტი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ კვლავ კოლუმბიელმა კიპერმა იმარჯვა. 55-ე წუთზე უკვე “სანდერლენდი” გადარჩა, ოლივიე ჟირუმ დასწრებაზე კარგად ითამაშა, თუმცა კოსტელ პანტელიმონმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და თავისი გუნდი იხსნა. ორ წუთში დეფომ კიდევ ერთი ბრწყინვალე გადაცემა განახორციელა და ფლეტჩერი ოსპინასთან პირისპირ მეორედ აღმოჩნდა, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში აჯობა. 67-ე წუთზე შოტლანდიელ ფორვარდს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, ამჯერად ახლო მანძილიდან ააცილა. გამოუყენებელი მომენტების გამო, “შავი კატები” კინაღამ დაისაჯდნენ, 74-ე წუთზე ჯონსს უხერხულად მოხვდა ბურთი და სტუმრები ავტოგოლისგან ძელმა იხსნა – 0:0.
“სანდერლენმა” თავისას მიაღწია და პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, ხოლო “არსენალმა” მე-2 ადგილის შანსი დაკარგა და მე-3 პოზიცია გაიფორმა.
არსენალი – სანდერლენდი 0:0
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, ბელერინი, კასორლა, რემსი, ოზილი (როსიცკი 81), სანჩესი, უილშირი (უოლკოტი 67), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, კოატესი, ოში, ვან აანჰოლტი, ჯონსი, კატერმოლი, ლარსონი, ვიკჰემი (როდუელი 46), ჯონსონი (ბაკლი 75), დეფო, გრემი (ს.ფლეტჩერი 46).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გაფრთხილებები: რემსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 75%-25%, დარტყმა: 28(8)-7(3), ჯარიმა: 6-8, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-8