ფეხბურთი

2:40 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ტრიპლეტამდე

ტურინის “იუვენტუსმა” 2014/2015 წლების სეზონში მეორე ტიტული მოიგო. “ბებერმა ქალბატონმა” სერია A-ში გაჩემპიონების შემდეგ, იტალიის თასს მიხედა და “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართულ ფინალურ შეხვედრაში რომის “ლაციო” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისი ტურინელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, მე-4 წუთზე დანილო კატალდის მიერ სტანდარტულიდან ჩამოწოდებულს სტეფან რადუ გამოეხმაურა ზუსტი თავურით და ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლს “იუვე” არ დაუბნევია და წონასწორობა მალევე აღდგა – მე-11 წუთზე უკვე ანდრეა პირლომ მოაწოდა სტანდარტულიდან, ბურთი პატრის ევრას მიუვიდა, რომელმაც ჯორჯო კიელინის დაუგდო თავით და ამ უკანასკნელმა, აკრობატული დარტყმით მოახერხა გატანა. მატჩის ძირითადის დროის დასრულებამდე საკმაოდ ბევრი რჩებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

94-ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ ფილიპ ჯორჯევიჩს. სერბმა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან გაისროლა და ძალიან არ გაუმართლა, ბურთი ჯერ ერთს ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მეორეს. სამაგიეროდ, ორ წუთში გაუმართლა ასევე შეცვლაზე შემოსულ ალესიო მატრის, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ტიტულის მომტანი გოლი გაიტანა – 2:1.

არსებობის განმალობაში “იუვენტუსმა” იტალიის თასი მეათედ მოიპოვა. ტურინულ გრანდს შანსი აქვს, რომ წელს ტრიპლეტი შეასრულოს და ამისთვის, 6 ივნისს “ბარსელონას” დამარცხება მართებს.

იუვენტუსი – ლაციო 1:1 (1:1) დ.დ. 2:1


რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, პოგბა (პერეირა 78), პირლო, ვიდალი, ლიხშტაინერი (პადოინი 115), ევრა, ლორენტე (მატრი 84), ტევესი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

ლაციო (3-4-3): ბერიშა, ჯენტილეტი, რადუ (მაურისიო 71), დე ვრეი (კეიტა 106), კატალდი, პაროლო, ბასტა, ლულიჩი, კანდრევა, ანდერსონი, კლოზე (ჯორჯევიჩი 83).
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 რადუ (4), 1:1 კიელინი (11), 2:1 მატრი (97)
გაფრთხილებები: ევრა, ბონუჩი, მატრი – პაროლო, კანდრევა
მსაჯი: დანიელე ორსატო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13(3)-15(3), ჯარიმა: 18-17, კუთხური: 1-5, თამაშგარე: 10-1 სეივი: 2-1

0.26109