თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში მადრიდის “რეალი” ბრწყინვალე სტილში 94:81 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:25 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეხვედრის გმირი ბასკთა ერთ-ერთ ლიდერი ფერნანდო სან ემეტერიო გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო და რეალის ვარსკვლავ რუდი ფერნანდესს, რომელსაც ასეთივე მონაგარი ჰქონდა, შრომა წყალში ჩაუყარა.
საინტერესოა, რომ სან ემეტერიომ 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, ფერნანდესმა კი – 11-დან – 8. საერთოდაც, გუნდები პერიმეტრიდან დიდებულად უტევდნენ. საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა 25-დან 15 სამქულიანი გამოიყენეს, ხოლო სტუმრებმა – 36-დან – 17. დაგვეთანხმებით, ერთ მატჩში 32 ზუსტ სამქულიანს იშვიათად ნახავ.
“ლაბორა კუჩამ” 18 მოგება და 15 მარცხი მოაგროვა და რეგულარული სეზონის უკანასკნელი ტურის წინ, მე-7 ადგილზე იმყოფება. 23 მაისს, თორნიკეს კლუბი სტუმრად “ობრადოიროს” ეთამაშება.