ფეხბურთი

23:12 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დაჩიას" მარცხი საჩემპიონო მატჩში

“დაჩია” მოლდოვის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში უშუალო კონკურენტ “მილსამთან” დამარცხდა და ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა. მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის უკანაკსნელ, 31-ე ტურში “მილსამიმ” შინ 2:1 დაამარცხა “დაჩია,” რომლის შემადგენლობაში დავით სირაძემ პირველი ტაიმი სრულად ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს. ჯაბა დვალს არ უთამაშია. “დაჩია” მოლდოვის 11 გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. მართალია ჩემპიონის მსგავსად 55 ქულა მოაგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრების მიხედვით ჩემპიონი "მილსამი" გახდა. "დაჩია" ევროპალიგის საკვალიფიკაციოა ეტაპზე ითამაშებს.

“საქსანმა” სტუმრად 4:1 დაამარცხა “აკადემია.” სტუმართაგან ირაკლი გოგინაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ქართველმა შემტევმა მე-15, მე-17 და 38-ე წუთებზე გაიტანა გოლები. მე-60 წუთზე ირაკლი შეცვალეს. საბოლოოდ “საქსანმა” მე-5 ადგილზე ჩაამთავრა სეზონი. "საქსანი" ევროზონაში ვერ მოხვდა.

დანიის სუპერლიგის 30-ე ტურში “ოდენსემ” შინ “სილკებორგთან” ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ლადო დვალიშვილი მასპინძელთა განაცხადში კვლავ ვერ ვიხილეთ. დანიის სუპერლიგაში 12 კლუბი მონაწილეობს, “ოდენსე” კი 39 ქულით მე-7 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო “კუპსმა.” მე-9 ტურში სირბილაძის გუნდი შინ “ლაჰტისთან” დამარცხდა (0:3). ქართველ ფორვარდს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში ხარკოვის “მეტალისტი” შინ ოდესის “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდა. მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. ოდესელთა განაცხადში მოხვდა გიორგი გადრანი, თუმცა მას ამჯერად არ უთამაშია. უკრაინის პრემიერლიგაში 14 გუნდი თამაშობს, “ჩერნომორეცი” კი 20 ქულით მე-11 ადგილზეა.

უკრაინის თასის ფინალში კიევის “დინამო” და დონეცკის “შახტარი ითამაშებენ. რამდენიმე წუთის წინ ნახევარფინალის საპასუხო მატჩები დასრულდა. დონეცკის “შახტარმა” “დნიპროს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ჯაბა კანკავამ სასტარტოში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი საყრდენი 33-ე წუთზე გააფრთხილეს. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი “შახტარის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ფინალში თამაშის უფლება დონეცკელებმა მოიპოვეს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში კიევის “დინამომ” შინ 4:1 დაამარცხა დონეცკის “ოლიმპიკი.” დონეცკელთა შემადგენლობაში მეკარე ზაურ მახარაძემ სრულად ითამაშა. პირველი მატჩი გოლების გარეშე დასრულდა, ასე რომ ფინალში “დინამო” გავიდა.

0.116491