თბილისის საკალათბურთო კლუბი “ვითა”, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სულ ახლახანს აღსდგა, ვთბ-ლიგაში თამაშს გეგმავს. სამშაბათს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქს ორგანიზაციის სამუშაო დელეგაცია ესტუმრა.
ლიგის წარმომადგენლები – სპორტული დირექტორი ალექსეი ჩუდინი დ გენერალური დირექტორის თანაშემწე ალექსანდრ ფედოტოვი “ვითას” პრეზიდენტ თემურ დათიკაშვილს, გენერალურ მენეჯერ ლევან მიქელაძეს, ვიცე-პრეზიდენტ გიორგი მარკოიშვილს და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას შეხვდნენ.
ვიზიტის დროს ვთბ-ლიგის დელეგაციამ თბილისური კლუბის ინფრასტრუქტურაც შეისწავლა და ჯერ ძირითად არენად მონიშნული 9-ათასიანი სპორტის სასახლე მოინახულა, შემდეგ კი – 2.5-ათასიანი სათადარიგო სარბიელიც დაათვალიერა. სტუმართა შეფასებით, ორივე სასახლე ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ისინი ზაფხულში თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მატჩებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ “ვითა” 90-იანები წლების ქართული კალათბურთის ფლაგმანი გახლდათ და ქვეყნის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, წლეულს კი გუნდი აღორძინდა და ამბიციური გეგმები აქვს. მათგან უმთავრესი პრესტიჟულ ვთბ-ლიგაში თამაშია.
“ჩვენს კლუბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ისეთ ცნობილ ტურნირში ითამაშოს, როგორიც ვთბ-ლიგაა. ამ შეჯიბრს ხანგრძლივი პროექტის რანგში განვიხილავთ, რაც ქართული კალათბურთის განვითარების ახალი ეტაპი გახდება და ტურნირის მონაწილე კლუბებთან დაგვაახლოვებს. თუკი ვთბ-ლიგაში მოვხვდებით, დარწმუნებული ვართ, პირველივე სეზონში ღირსეული შედეგებისთვის ვიბრძოლებთ. უახლოესი თვის განმავლობაში, კლუბი შემადგენლობის და სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას დაიწყებს. ჯერჯერობით, სახელებს ვერ გავამხელ, თუმცა, ბრძოლისუნარიანი კოლექტივი გვეყოლება გამოცდილი ქართველი კალათბურთელებით, ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეებით და მაღალი კლასის ლეგიონერებით”, - განაცხადა “ვითას” გენერალურმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ.
ქართველი ქომაგებისთვის იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა ვთბ-ლიგის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შიროკოვმაც: “ქართული კლუბი “ვითა” პირველია, რომელმაც ჩვენი ლიგის პოტენციურ ახალწვეულთაგან ოფიციალური განაცხადი შემოიტანა და ეს წინადადება დიდ ყურადღებას იმსახურებს. ტრადიციები, კალათბურთის პოპულარობა საქართველოში, ამბიციები და თბილისური კლუბის სურვილი – პლიუსები საკმარისზე მეტია. როგორც ყოველთვის, ვთბ-ლიგაში მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია. განაცხადების შემოტანის ვადა 15 ივნისს იწურება, ახალი სეზონის მონაწილეთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი ტრადიციულად, კოლეგიალურად, ლიგის საბჭოზე იქნება მიღებული”.
ცნობისთვის, ვთბ-ლიგის მიმდინარე სეზონში გადამწვეტი მატჩების დრო სწორედ ახლა დგება. დღეიდან სტარტს ნახევარფინალური სერიები აიღებს, რომლებიც სრულად რუსული გუნდებითაა დაკომპლექტებული: მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდება, “ხიმკის” მეტოქე კი ყუბანის “ლოკომოტივი” იქნება.