გერმანულ გამოცემა Bild-ის ცნობით, “ლივერპულის” შემტევი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს. გერმანული გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით: “შანსი “ბაიერნისთვის?” სტერლინგს “ლივერპულიდან” წასვლა სურს.”
როგორც Sky Sports იუწყება, 20 წლის სტერლინგის შესაძლო ტრანსფერი იმით არის გამოწვეული, რომ მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.
Bild-ის ცნობით, “ბაიერნი” სტერლინგის თაობაზე “ლივერპულთან” მოლაპარაკებას გასული წლის დეკემბერშიც აწარმოებდა. კლუბებს შორის შუამავლის როლს პეპ გვარდიოლას ძმა – პერე გვარდიოლა ასრულებდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
სტერლინგი 1994 წელს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონშია დაბადებული. იგი ინგლისური ქპრ-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2012 წლიდან კი “ლივერპულის” ძირითად გუნდში თამაშობს.
2010 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სტერლინგი ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდთან ფრედ 1:1 ითამაშა. იმ მატჩში ინგლისელთაგან ყველაზე აქტიური სწორედ სტერლინგი იყო.