გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართულ ფეხბურთში ნიჭიერ მოთამაშეთა მთელი თანავარსკვლავედი იყო. დავით ყიფიანის, ვლადიმერ გუცაევის, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძის და მათი პარტნიორების სახით მართლაც უდიდესი ფეხბურთელები გვყავდა და მათი თამაშის ცქერით როგორც კმაყოფილების, ასევე სიამაყის გრძნობითაც არაერთხელ აღვსილვართ. იმ პერიოდის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი პირველი, გამორჩეული ადგილი ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, საქართველოს და საბჭოთა ნაკრების უნივერსალ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძეს ეკუთვნის.
15 წლის განმავლობაში თამაშობდა ბატონი თენგიზი უმაღლეს დონეზე. მოუღლელ, ფიზიკურად მძლავრ სპორტსმენს პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე უასპარეზია და ნებისმიერი ამპლუის ფუნქციების შესრულება თითქმის ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა. მას მეტოქის უძლიერესი ფეხბურთელის პერსონალურად აყვანა და თამაშიდან გამოთიშვა შეეძლო, დაცვის ორგანიზება, შეტევის წამოწყება და გუნდის იერიშის სათანადოდ დაგვირგვინებაც ხელეწიფებოდა. სწორედ სულაქველიძის სამოთამაშეო ხანას უკავშირდება ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული, ტრიუმფული პერიოდი. ამასთან, ბატონი თენგიზი მოპოვებული ტიტულების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემოქმედი გახლდათ. სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს სულაქველიძის შედეგიანი დარტყმები, რომლებმაც “დინამოს” მეტად მნიშვნელოვანი მოგებები თუ ქულები მოუტანა. თუნდაც თასების თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში როტერდამის “ფეიენოორდთან” გატანილი 2 გოლი რად ღირს, ამავე ტურნირის მეოთხედფინალში ვარშავაში, იქაური “ლეგიას” კარის დალაშქვრა ან ოტო რეჰაგელის ვარსკვლავური ბრემენის “ვერდერის” გაწბილება...
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ თენგიზ სულაქველიძე ფეხბურთში დარჩა და ბავშვთა აღზრდის საშურ საქმეს მოჰკიდა ხელი. მან თავისივე სახელობის საფეხბურთო აკადემია “ცარიელ” ადგილას დააფუძნა. უკაცრიელი, ბარდნარიანი ტერიტორია ლამის საკუთარი ხელით მოაწესრიგა და 3 მინდორზე ქართული ფეხბურთის მომავლის აღზრდას შეუდგა. ბატონი თენგიზი ამ საქმეშიც წარმატებულია. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული სოლომონ კვირკველია სწორედ თენგიზ სულაქველიძის აკადემიის აღზრდილია.
“ლიდერ-ბეთი” კარგ, გულშემატკივართათვის მეტად საჭირო საქმეს აგრძელებს და ამჯერად ჩვენ ლეგენდარულ ფეხბურთელ ღირსეული შეხვედრა მოუწყო. გამომსვლელებმა თენგიზ სულაქველიძის მაღალ პროფესიონალიზმზე, ოსტატობაზე, საქმისადმი ერთგულებასა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს. ჟურნალისტებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ბატონი თენგიზის მეგობრებმა მას ქართული სპორტის, კერძოდ ფეხბურთში კიდევ დიდხანს წარმატებული საქმიანობა უსურვეს.