ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ტექნიკური ფეხბურთელია კარგად “დაყენებული” დარტყმით. საჯარიმო დარტყმებს ყოველთვის სახიფათოდ ასრულებს. განვლილ ტურშიც, მან გოლი საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა და ამ ფაქტმა გუნდს თავდაჯერება შემატა, რის შედეგად, სასურველი რეზულტატი დააფიქსირა” – იუწყება onedivision.ru ალადაშვილის შესახებ, რომელიც მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. განვლილ ტურში “სკა-ენერგიამ” სახლში კრასნოიარსკის “ენისეი” 3:1 დაამარცხა და ანგარიში ალადაშვილმა გახსნა.
ალადაშვილის მსგავსად სიმბოლურ ნაკრებში მეორე დაასახელეს ტომსკის “ტომის” ფორვარდი ანზორ სანაიაც, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
“თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და არა მხოლოდ გააძლიერა, არამედ, თამაში “შემოატრიალა”. თუ მანამდე ტომსკელები დაბნეულნი იყვნენ და არ იცოდნენ კარგი დაცვის მქონე მეტოქის კარს როგორ მიახლოვებოდნენ, ანზორმა კართან მისასვლელი მოკლე გზები მალე იპოვნა. მისჟმა ჟინმა, გაბედულებამ, კარგი გაგებით აგრესიამ ის შედეგი გამოიღო, რომ ასტრახანელმა მცველებმა შეცდომების დაშვება დაიწყეს. თავდამსხმელმა თავისი მომენტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა” – ასე შეაფასა onedivision.ru-მ სანაიას თამაში.
32-ე ტურში “ტომი” შინ ასტრახანის “ვოლგარს” დაუზავდა და მეორე ტაიმში ანგარიში შეცვლაზე შესულმა სანაიამ გაათანაბრა.