ფეხბურთი

23:54 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურულების ფრემ აჭარელები ახეირა

ლანჩხუთის სტადიონზე, ,,გურია” - ,,დინამოს” მატჩის 88-ე წუთზე მასპინძლებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტულის შესრულება ქართული ფეხბურთის ვეტერანმა კოშკაძემ ითავა და გამოზომილი მოჭრილი დარტყმით ბურთი თბილისელთა კარის ცხრიანში მოათავსა.

დაუშვილმა ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. გურულთა კაპიტნის გატანილმა გოლმა მატჩის საყაიმო ანგარიში დააფიქსირა, რითაც დედაქალაქელები პრაქტიკულად ვერცხლის მედლების გარეშე დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს მოპოვებული ქულა დიდად არაფერში ჭირდებოდათ, მათ სამართლიანი თამაშის პრიციპი ბოლომდე დაიცვეს და მეტოქეს უშეღავათო ბრძოლაში მეტოქეს მეტად საჭირო ქულები დააკარგვინეს.

არადა, შეხვედრა თბილისელთათვის მეტად სასიკეთოდ დაიწყო. ფეხბურთელები ნორმალურად არ გახურებულიყვნენ, რომ დინამოელებმა ანგარიში გახსნეს. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ ჭანტურიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მართალია თებიძემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ თავისიანების გადარჩენა ვერ მოახერხა - 0:1.

მასპინძელთა საპასუხო შეტევა ასევე შედეგიანი გამოდგა. იერიშში ჩართულმა მჭედლიშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ორ მეტოქეს გვერდი აუქცია და ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. დაუშვილი თითის წვერებით მისწვდა ბურთს, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა - 1:1.

ორ წუთში სტუმრებს კვლავ დაწინაურება შეეძლოთ. ჩირგაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, შემდეგ მის შესახვედრად გამოსულ თებიძესაც გასცდა, თუმცა დარტყმის კუთხე შეუმცირდა და ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

მე-20 წუთზე გოლის გატანასთან მასპინძლებიც ძალიან ახლოს იყვნენ. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე დაუშვილი არადამაჯერებლად გაისარჯა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. დამატებას ზოზულია ცდილობდა, მაგრამ ყველას რენე ფერეირამ დაასწრო და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

5 წუთში მოედანზე საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. ლანჩხუთელთა შეტევისას ბურთი ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მატჩზე დამსწრე გურულთა მრავალრიცხოვანი ქომაგი განარისხა.

ტაიმის ბოლოს გურულებს დაწინაურება შეეძლოთ. მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ ისიანი შეუჩერებლივ ურტყამდა, თუმცა ბურთი ხარიხამ აისხლიტა. დამატებაზე კი მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს.

შესვენებაზე სასიამოვნო ამბის მოწმე გავხდით. ქართული ფეხბურთის ვეტერანს, ,,გურიას” ლეგენდარულ კაპიტანს და ამჟამად მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს 60 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, ბავშთა ფეხბურთის განვითარების ფონდმა მაყურებელთა ოვაციის თანხლებით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო მშვიდად დაიწყო. თუ არ ჩავთვლით ბენაშვილის და ჭანტურიშვილის დარტყმებს, რომლებშიც მეკარეებმა იმარჯვეს, პირველ 15 წუთში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

ვინაიდან მატჩის ასეთი მიმდინარეობა თბილისელებს ხელს არ აძლევდათ, სტუმართა დამრიგებელმა კახი გოგიჩაიშვილმა შეცვლებს მიმართა. მან თამაშში კიტეიშვილი და მანუელ ონვუ ჩართო. კიტეიშვილმა მოედანზე შესვლისთანავე იდეალური გადაცემით ჭანტურიშვილი მეკარის პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმა თებიძემ გაჭირვებით მოიგერია. დამატებაზე ყველას ისევ ჭანტურიშვილმა დაასწრო, თუმცა ცარიელ კარს ააცილა.

სტუმართა მომდევნო შეტევაში კიტეიშვილმა ასისტენტობა ამჯერად ონვუს გაუწია, მაგრამ ესპანელი ლეგიონერის გამიზნული დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

თბილისელებს მონდომება 77-ე წუთზე დაუფასდათ. საჯარიმოში შეჭრილი პაპუნაშვილი შეცვლაზე შესულმა წილოსანმა აკრძალული ილეთით შეაჩერა. არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიკენ გაიშვირა. პენალტი თავად დაზარალებულმა პანენკას სტილში შეასრულა და თავისიანები დააწინაურა - 1:2.

სტუმართა გატანილ გოლს გურულთა გულშემატკივრების მხრიდან მსაჯების მისამართით გინება და აგრესია მოჰყვა. მოედანზე ცელულოიდის ბოთლებიც გადმოჰყარეს. არბიტრმა რამდენიმე წუთით თამაშიც გააჩერა, თუმცა მალე ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა და შეხვედრა გაგრძელდა.

ქომაგთა მხურვალე მხარდაჭერის ფონზე გურულებმა მეტოქეს მთელი გუნდით შეუტიეს და როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, საწადელს 88-ე წუთზე მიაღწიეს.

მატჩის საბოლოო შედეგმა ყველაზე უფრო ბათუმლები გაახარა, რომელთაც ვერცხლის მედლების მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდათ.

,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,დინამო” (თბილისი) 2:2 (1:1)

17 მაისი. 17.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 3000 მაყურებელი.

გურია: თებიძე, ე. კილაძე, ზოზულია, ღაღანიძე (ინგოროყვა 60), მჭედლიშვილი, კოშკაძე(კ), მოსიაშვილი, ბენაშვილი, შალამბერიძე (წილოსანი 73), ისიანი, მათიაშვილი(შეველი 66) ;

მთ. მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

,დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), მ. ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯანელიძე(კიტეიშვილი 61), ჩირგაძე, ჭანტურიშვილი(ჯიღაური 76), შერგელაშვილი(მანუელ ონვუ 65);

მთ. მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (2), 1:1 მჭედლიშვილი(10), 1:2 პაპუნაშვილი (77პენ.), 2:2 კოშკაძე (88);
გაფრთხილება: გველესიანი(54), მანუელ ონვუ (82), პაპუნაშვილი (87);

არბიტრი: ლაშა სილაგავა

0.119856