კალათბურთი

17:14 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაქცევა” “არენაში”

როდესაც პლეი აუტის წყვილები გაირკვა, “სოხუმისა” და “ქუთაისის” სერია სავარაუდოდ ორ მატჩში არ უნდა დასრულებულიყო, რადგან როგორც ვაჟა კვარაცხელიას, ასევე მალხაზ კოხრეიძის გუნდები მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან და იოლად არცერთი არ დათმობდა. გულშემატკივართა ვარაუდი გამართლდა და ქუთაისში განცდილი მარცხის შემდეგ დღეს სოხუმელებმა რევანში აიღეს.

სერიის მესამე გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო ქალაქში ჩატარდება.

დღევანდელი ასპარეზობის ბედი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე და მესამე პერიოდში “სოხუმის” მიერ მოწყობილმა “გაქცევებმა” გადაწყვიტა. პირველი პერიოდი “ქუთაისმა” 20:17 მოიგო და მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა, მაგრამ გრიგოლ შვანგირაძემ და ირაკლი ჩლაიძემ ზედიზედ ჩაყარეს სამქულიანები რასაც პელე პეილეიმ 2+1 მიაყოლა და სოხუმელებმა 21:0! გაქცევა მოაწყვეს 38:22. პირველი ტაიმის მიწურულს “ქუთაისმა” ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა და დიდი შესვენების წინ “სოხუმი” მხოლოდ 6 ქულასღა იგებდა 41:35.

მესამე პერიოდი “ქუთაისმა” არადამაჯერებლად დაიწყო, გუნდი ზედიზედ 5 წუთის განმავლობაში ქულის მოპოვებას ვერ ახერხებდა, რითაც კარგად ისარგებლა “სოხუმმა” და პელეს ზუსტი სტყორცნის შემდეგ 21 ქულითაც კი მოახხერხა დაწინაურება 59:38.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში სოხუმელები კვლავ სოლიდური უპირატესობით იყვნენ წინ. მეოთხედის შუა წელში ქუთაისელთა მწვრთნელებმა პარკეტზე მხოლოდ ფორვარდები და უკანახაზელები დატოვეს და ამ ტაქტიკამ რიონისპირელებს გაუმართლა. საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 20 წამით ადრე ზაურ ფაშაევის ზუსტი სამიანის შემდეგ “ქუთაისმა” სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა 60:68. ყველანი დაძაბული ფინალისთვის მოვემზადეთ, მაგრამ თავისი გუნდი აშკარად დააღალატა ბუბა კვიმსაძემ, მან ზედიზედ ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო, სოხუმელებს კი სამი საჯარიმო ტყორცნის უფლება მიეცათ. ჩლაიძეს მიზანმა არ უმტყუნა და ანგარიში გახდა 72:60.

დარჩენილ დროში “ქუთაისმა” მაინც გაიბრძოლა, ჯერ დავით ბარბაქაძემ და შემდეგ ფაშაევმა ზუსტი სამიანებით ანგარში 72:66 გახადეს. ეს მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 1 წუთითა და 45 წამით ადრე მოხდა. საბოლოო გარდამტეხი მომენტი კი მას შემდეგ დადგა, რაც ლევან გრძელიძემ შორეული ტყორცნა მიზანს ააცილა პელემ კი საპასუხო შეტევისას 2 ქულა შესძინა თავის გუნდს - 74:66.

საბოლოოდ “სოხუმმა” 79:66 იმარჯვა, სერიის ანგარიში 1:1 გახადა და თუ რომელი გუნდი გააგრძელებს სუპერლიგის მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას, ქუთაისში ჩასატარებელი მესამე მატჩის შემდეგ გაირკვევა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი ქულა, 28 ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა. ამასთან, სოხუმელთა კაპიტანმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 9-ჯერ მოხსნა. 22 ქულას 16 მოხსნა მიამატა პელე პეილეიმ, გიორგი ჯგერენაიას აქტივში კი 14 ქულა და 11 მოხსნაა. ქუთაისელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ანატოლი ბოისას ჰქონდა, რომელმაც 12 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

“სოხუმი” – “ქუთაისი” 79:66 (17:20, 24:15, 23:12, 15:19)

0.122532