ფეხბურთი

23:56 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას წარმატებული მატჩი

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში “მოლდე” შინ “სტაბეკს” დაუზავდა (3:3). “სტაბეკის” შემტევი გიორგი გოროზია 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. "სტაბეკის" მეორე გოლი გოროზიას შესრულებულ კუთხურს მოჰყვა. ქართველმა მოთამაშემ "სტაბეკის" მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. სწორედ მისი პასის შემდეგ განვითარდა შეტევა, რასაც მასპინძელთა კარში მესამე გოლი მოჰყვა. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 20 ქულით მეორე ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგის 32-ე ტურში “ქასიმფაშამ” “სივასთან” გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა (1:1). “ქასიმფაშას” ქართველი მცველი ლაშა დვალი 51-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. თურქეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 36 ქულით მე-11 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლუგანსკის “ზორია” შინ ლვოვის “კარპატს” დაუზავდა (1:1). ლუგანსკელთა ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ლვოველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ბუბა დაუშვილი, რომელიც შესვენებისას ამბროსი ჩაჩუამ შეცვალა. მე-40 წუთზე მსაჯმა ბუბა დაუშვილი გააფრთხილა. უკრაინის 14 გუნდიან პრემიერლიგაში “ზორია” 41 ქულით მე-4 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის “ლოკომოტივმა” შინ 3:0 დაამარცხა “რუბინი.” ყაზანელთა შემადგენლობაში სოლომონ კვირკველიამ სრულად ითამაშა, მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო. რუსეთის 16 გუნდიან პრემიერლიგაში “რუბინი” 47 ქულით მე-5 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში კახა ცხადაძის “ინტერმა” გასვლით მატჩში “გაბალასთან” ფრედ ითამაშა (1:1). “ინტერის” შემადგენლობაში გიორგი ლომაიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშა, სასტარტოში მყოფი ბაჩანა ცხადაძე კი 70-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა სალუქვაძე განაცხადში ვერ ვიხილეთ. აზერბაიჯანის 10 გუნდიან პრემიერლიგაში “ინტერი” 60 ქულით მეორე ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “ანორთოსისმა” შინ 3:1 დაამარცხა “აპოლონი.” ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშა, გიორგი აბურჯანია კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. “ანორთოსისი” 52 ქულით მე-5 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ნეა სალამინამ” შინ 6:0 დაამარცხა “დოქსა.” გამარჯვებულთა განაცხადში მყოფ გიორგი პაპავას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, შოთა გრიგალაშვილი კი კვლავ ტრავმირებულია. “ნეა სალამინა” 36 ქულით მესამე ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგის 29-ე ტურში “ვოივოდინამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ცუკარიცკი.” გამარჯვებულთა შორის დავით კოხიას კვლავ არ უთამაშია. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში "ვოივოდინა" 49 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის მე-13 ტურში “შიაულიაისა” და “ატლანტასის” მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. “შიაულიაის” განაცხადში ვერ ვიხილეთ თამაზ ჩარგეიშვილი. ლიტვის ა ლიგის 10 გუნდიან ჩემპიონატში “შიაულიაი” 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.118287