პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უმთავრესი კონკურენტი, ელიტიდან შარშან დაქვეითებული ფიჯი 30:13 დაამარცხა და სასწაული უნდა მოხდეს, 24 მაისს ფინალში რომ არ ითამაშოს.
ანგარიში კუნძულელებმა ჯარიმით გახსნეს, რაზეც საქართველომ ჯარიმით უპასუხა, ხოლო ტაიმის შუაში თორნიკე ბუბუტეიშვილმა ლელო გაიტანა და მას ზუსტი გარდასახვა მოყვა. ფიჯიმ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჯარიმა საქართველომაც გაიტანა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 13:6.
მეორე ტაიმის დასაწყისი ქართველების იყო და რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო მერე ანზორ სიჭინავამ ლელო გაიტანა - 21:6. ტაიმის შუაში ფიჯიმ საპასუხო ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, რის შემდეგაც დაახლოებით 10-წუთიანი შტურმი მოაწყო, ოღონდ მანამდე ქართველთა შერკინებამ იმძლავრა და ჯინჭველაშვილმა ანგარიში 24:13 გახადა.
კუნძულელთა შტურმს ქართველი მორაგბის სინბინი მოყვა, რამაც სიტუაცია გაართულა, მაგრამ ბიჭებმა თავდაუზოგავი დაცვით ამ შემოტევის მოგერიება მოახერხეს და საბოლოო გარდატეხაც მოხდა. დასკვნით წუთებში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს და ლელოს გატანის შანსებიც გაჩნდა. მართალია მათი გამოყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჯარიმებით სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ურთულეს მატჩში 30:13 იმარჯვა.
20 მაისს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება, რომელის დამარცხებაც არ უნდა გაიჭირდეს და 24 მაისს ფინალში, ელიტის საგზურისთვის ტონგას, ან კანადას დაუპირისპირდება.