ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მაისის ბაშოს დასავლეთის პირველი მაეგაშირას სტატუსით შეხვდა და ალბათ, მიზნად სანიაკუში დაბრუნებასაც ისახავდა, თუმცა, ჯერჯერობით, მისი საქმეები კარგად ვერ მიდის.
ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში მიმდინარე სუპერტურნირზე მე-6 დღე მიილია, ქართველი სეკიტორის აქტივში კი მხოლოდ 1 გამარჯვებაა. ტოჩინოშინს მორიგი წარუმატებლობა დასავლეთის ოძეკ გოეიდოსთან შეემთხვა, რომელმაც ჩვენებური იორიკირით დაჯაბნა. ხვალ, გორგაძის მეტოქე დასავლეთის კომუსუბი იჩინოჯო იქნება.
მცირედით უკეთესი მაჩვენებელი აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ამინიშიკისთან ასევე იორიკირით დამარცხდა და 2 გამარჯვების წილ, 4 წაგება მოუგროვდა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკეკაძე გახლავთ.
გასული დღეების შედეგებით, 5 მოგებით ერთბაშად 9 სუმოისტი დაწინაურდა, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯიც იმყოფებიან.