დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე ევროლიგის “ოთხთა ფინალის” პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მსროლელის მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით, მანუჩარმა რუსულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის “ოთხთა ფინალში” თამაში განსაკუთრებული მოვლენაა.
“ვერ ვიტყვი, რომ “ოთხთა ფინალისთვის” განსაკუთრებულად ვემზადებით. ჩვენ მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ. პირველ ყოვლისა 2 წლის წინ “ოლიმპიაკოსთან” ფინალში განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ. ახლა ცსკა სხვა გუნდია, - სხვა მწვრთნელით. “ოლიმპიაკოსში” გამორჩეული მოთამაშეები არიან - ვასილის სპანულისი და გეორგიოს პრინტეზისი. ბერძნული გრანდი ერთი მთლიანი შეკრული გუნდია. ისინი ძალიან ძლიერები არიან დაცვაში. მთავარია ბერძნებს არ მივცეთ საშუალება თავი ისე დაიცვან, როგორც მათ სურთ. ცსკა-სთვის მთავარი გამარჯვებაა. ჩემთვის “ოთხთა ფინალი” განსაკუთრებული მოვლენაა. როცა პირველად მონაწილეობა მივიღე ევროპის ამ უდიდესი კლუბების შერკინებაში, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და როგორც ჩანდა, ეს ძალიან მარტივი იყო. მაგრამ მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა და ახლა ვხვდები რას ნიშნვს “ოთხთა ფინალში” თამაში. ვიმედოვნებ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან მანუჩარ მარკოიშვილი ცსკ-ს ღირსებას იცავს. მანუ ევროლიგის ფინალში 2003 წელს იტალიურ “ბენეტონთან” ერთად იმყოფებოდა, თუმცა “ბარსელონასთან” 76:65 დამარცხდა.